ახალი ამბები

ახმეტაში ქრისტიანული სალოცავის დანგრევაზე გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

28 აპრილი, 2017 • 2859
ახმეტაში ქრისტიანული სალოცავის დანგრევაზე გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს ახმეტაში ქრისტიანული სალოცავის დანგრევის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო “ვეი” ავრცელებს.

რადიოს ინფორმაციით, აქციაში ხუთასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული.

აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ პანკისში, სოფელ ჯოყოლოში ძველ ნანგრევებზე მშენებარე სალოცავი უცნობებმა განზრახ დაანგრიეს და ეს ხეობაში ქრისტიანული სიმბოლოების შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის. ისინი დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

“ეს არის, ალბათ, განზრახ გადადგმული ნაბიჯი ამ ხალხთან დასაპირისპირებლად. მაგრამ ხალხი ბრძენია და ასეთ წაქეზებას არ აჰყვება,” – განაცხადა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მან ხელისუფლების მისამართით დაწერილი განცხადების ტექსტიც გააცნო შეკრებილებს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. გელა სამხარაული “რუსთავი 2”-თან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

შსს-ს  ინფორმაციით, ჯოყოლოში 16 აპრილს მშენებარე ეკლესიის დანგრევის ფაქტზე გამოძიებას 187-ე მუხლით აწარმოებენ, რაც ნივთის დაზიანებას ან მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი