“ჯორჯიან ეარვეისი”: არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვმუშაობთ

საქართველოს ავიახაზები მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რომ ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობები უზრუნველყოს და დაიცვას ის განადგურებისგან.

“ვთხოვთ ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კონკურენციის სამართლიანი პირობები, დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისგან”, – წერია ავიაკომანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი ავიაკომპანიები- „აეროფლოტი“, „თურქიშ ეარლაინსი“ და სხვები- რომლებიც მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას, საქართველოს ავიახაზებს უხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში.

კომანია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც შეღავათებით სარგებლობენ, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს.

კომპანია აღნიშნავს, რომ 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ასობით მილიონი ლარი აქვს შეტანილი საქართველოს ბიუჯეტში და ხუთასზე მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავს დასაქმებული. ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში კი ქართული ავიაცია უფრო სწრაფად განვითარდება და მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com