ახალი ამბები

უსუფაშვილი: [ლეო] მესიმ რაც უკან დაიხია და ცენტრიდან პასებსაც ანაწილებს, გოლების გატანაც უკეთ დაიწყო

28 აპრილი, 2017 • 3560
უსუფაშვილი: [ლეო] მესიმ რაც უკან დაიხია და ცენტრიდან პასებსაც ანაწილებს, გოლების გატანაც უკეთ დაიწყო

“[ლიონელ] მესიმ რაც ცოტა უკან დაიხია და ცენტრიდან პასებსაც ანაწილებს, გოლების გატანაც უკეთ დაიწყო. ანუ, კი არ ელოდება, რომ ვინმემ ბურთი ჩააწოდოს და გაიტანოს, თვითონ აწვდის სხვას, სხვებსაც უკეთ აძლევს პარალელებს და თავადაც ბომბარდირია”, – ბარსელონის ფეხბურთელის, ლიონელ მესის მაგალითი დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დღეს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა, პოლიტიკურ კონტექსტში მოიყვანა.

როგორც უსუფაშვილმა TV პირველზე დიანა ტრაპაიძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, მესის მსგავსად პოლიტიკოსებიც უნდა იყვნენ მზად როლისა და პოზიციის შეცვლისთვის:

“მე მზად ვარ: პასიც ჩამიწოდებია, დაცვაშიც ვმდგარვარ, კარშიც, მწვრთნელიც ვყოფილვარ, ექიმიც და ა.შ. ეს საქმეს სჭირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: მე ამ დოკუმენტში პირდაპირ ვამბობ, რომ ვინაიდან ახალ პარტიას ახლებურად ვქმნით, ძალიან ბევრი რამ უცნაურად მოგეჩვენებათ. რაც ნაცნობია, უკვე ბევრჯერ გაქვთ ნანახი და კიდევ გინდათ? დასკვნები საკუთარი ცხოვრებიდან უნდა გავაკეთოთ. დასკვნები გავაკეთოთ იქიდან, რა, ვერ და რატომ ვერ კეთდება. რა არის ახლებური? ის, რომ მე პოლიტიკურ ასპარეზზე 6 წინადადებით არ გამოვსულვარ, 6 გვერდით გამოვედი, კიდევ იქნება 10 გვერდი, ყველას შევაწუხებ ამით, რომ წავიკითხოთ, შევჯერდეთ, შევთანხმდეთ და არა ის, რომ ახლა მორიგი ლაშქარი უნდა შევიკრიბოთ და ვინმე სახლში გავუშვათ. [სახლში გაშვებას აუცილებლად ვაპირებთ, მაგრამ] სახლში გაშვებამდე ზუსტად გვეცოდინება, ჩვენ რატომ და რის გასაკეთებლად მოვდივართ. პოლიტიკოსი არა გამშვები, არამედ ქვეყნის მმართველია. ქვეყნის მართვის შემძლე უნდა იყოს ჩრდილოვანი კაბინეტი თავისი ხედვით და პროგრამით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ცენტრისტული იდეოლოგიის პარტიას ქმნის. აღნიშნულის შესახებ უსუფაშვილმა დღეს, 28 აპრილს, სასტუმრო ” ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

“მე ვბრუნდები პოლიტიკაში გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული. მე ვბრუნდები პოლიტიკაში პასუხისმგებლობით, იმ შეცდომებე პასუხისმგებლობით, რომელიც ჩემი თანამონაწილეობით ხდებოდა, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ვბრუნდები პოლიტიკაში ვალდებულებით, რომ ცოდნა, გამოცდილება და ენერგია უნდა მოვახმარო საქმის უკეთ კეთებას” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

უსუფაშვილის თქმით, პარტიის შექმნის პროცესი ეტაპობრივი იქნება და თვითმართველობის არჩევნების ფონზე შეიქმნება. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მერობის კანდიდატი არ დაუსახელებია. უსუფაშვილმა პირდაპირ არც იმ შეკითხვას უპასუხა, მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს ერთ-ერთ კანდიდატად.

უსუფაშვილს დღეს არც პარტიის სახელწოდება უთქვამს და არც პარტიის წევრები დაუსახელებია. მისი თქმით, პარტიის კონკრეტულ შემადგენლობას მაისის ბოლოს დაასახელებს, თუმცა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიაში მისი ცოლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ჩართვას არ ელოდება.

უსუფაშვილის თქმით, პარტია სამპუნქტიანი გეგმით იმოქმედებს და მთავარი მამოძრავებელი პარტნიორობა და დესტრუქციული პოლიტიკური ველის ელიმინაცია იქნება.  ვრცელი და დეტალური დოკუმენტი პარტიის შესახებ დღეს ონლაინ გამოქვეყნდა.

დავით უსუფაშვილი 2013 წლამდე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე იყო, თუმცა 2016 წლის 29 ოქტომბერს პარტია დატოვა. დავით უსუფაშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში. იგი იყო რესპუბლიკური პარტიის პირველი ნომერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც ხმების 11.7% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი