ახალი ამბები

მძღოლების თქმით, მერიასთან შეთანხმება ვერ ხერხდება

28 იანვარი, 2013 • 1102
მძღოლების თქმით, მერიასთან შეთანხმება ვერ ხერხდება

მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს აკაკი ჯოხაძეს შეხვდნენ.

 

“ჩვენს სასიკეთოდ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, გეგმის დაკლებაზე და მანქანის შეკეთებაზე უარს ამბობენ, ერთადერთი საუბარი იყო იმაზე, რომ საგადასახადოს ფიქსირებული გადასახადი იყოს 10 ლარი, თუმცა ესეც არ გადაწყვეტილა ჯერ. აქამდე ბუღალტერი უნდა აგვეყვანა და იმას ვუხდიდით საშუალო გამომუშავების მიხედვით”, – აცხადებს ერთ–ერთი მძღოლი დავით გვალია.

ამ დროისთვის მძღოლების ნაწილი კვლავ მერიასთანაა შეკრებილი, ისინი იმასთან დაკავშირებით მსჯელობენ, თუ რა ზომებს შეიძლება მიმართონ. 


შეგახსენებთ, რომ თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა პროტესტის ნიშნად გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თავდაპირველად მათ ჰქონდათ ოთხპუნქტიანი მოთხოვნა – მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება, გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირება, მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოება მძღოლებისათვის სასურველ ადგილას, გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენა – რომლის გარშემოც მძღოლებსა და “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობას შორის გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მერიასთან მძღოლების აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი