ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებები ერთპარტიული მმართველობის გაამყარებს – რესპუბლიკელები

28 აპრილი, 2017 • 1750
საკონსტიტუციო ცვლილებები ერთპარტიული მმართველობის გაამყარებს – რესპუბლიკელები

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ შეესაბამება იმ ამოცანებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას. პარტია ამ საკითხებთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს ვენეციის კომისიას.

“კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს, ასევე, ადგენდეს ხელისუფლების ბალანსის სამართლებრივ საფუძვლებს. ამ თვალსაზრისით, თეორიული მსჯელობა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე ერთია, მაგრამ დეტალების გაანალიზებისას ნათელი ხდება, რომ ცვლილებები ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის გამყარებას და ცუდ მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ  მოქმედი ხელისუფლება ზუსტად იმავე გზას დაადგა, რასაც მისი ყველა წინამორბედი“, – აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

პარტიის შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და 150 მანდატის პროპორციული წესით განაწილება პროგრესული ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, საარჩევნო ბარიერის კვლავ 5%-ზე დატოვება,  საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა, დაბოლოს, გაუნაწილებელი მანდატების ყველაზე მეტი ხმის მიმღები პარტიისთვის გადაცემა, პრაქტიკულად არ ცვლის არსებულ რეალობას.

“კერძოდ, ხელს არ უწყობს  მოსახლეობის მიერ მიცემული ხმების სამართლიან გადანაწილებას და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. ცხადი ხდება, რომ  ხელისუფლება უფრთხის ევროპული მოდელის რეალურად შექმნას და პრინციპულად არ სურს ევროპის მრავალ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებული გამოცდილების (არჩევნების შემდეგ კოალიციური მართვა) მიღება და დამკვიდრება“, – აცხადებს პარტია.

პარტიის შეფასებით, მაშინ, როცა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა და ემორჩილება მის ნებას, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოადგენს პრაქტიკულად ერთადერთ დამოუკიდებელ ინტიტუციას, რადგან ის აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, არსებულ ვითარებაში, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის გაუქმება, რადგან ღრმად სწამთ, რომ ამის მიზანიც დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობის გაუქმებაა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ ასახავს დეცენტრალიზაციის პრინციპებს და არ ქმნის ძლიერი თვითმმართველობის შექმნისათვის კონსტიტუციურ საფუძვლებს: 

“კერძოდ, სრულიად იგნორირებულ იქნა ამ მიმართულებით რესპუბლიკური პარტიის კონკრეტული წინადადებები. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი თვითმმართველობის შექმნისა და განვითარების გარეშე, შეუძლებელია ძლიერი, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. სამაგიეროდ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის განსაზღვრა, რისი არანაირი საჭიროებაც არ არსებობდა

სამწუხაროდ, ამ და სხვა გარემოემების გამო (რომელთა დეტალური განხილვა სცდება ამ მომართვის მიზნებს) რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს, რეალურად შექმნის სოციალურ დაძაბულობას და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეების ნებასთან და ქვეყნის მომავალი განვითარების მათ ხედვასთან“, – აცხადებს პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი