ახალი ამბები

რას უკავშირდება საკუთრების დაჩქარებული წესით ჩამორთმევაზე კანონპროექტი?

28 აპრილი, 2017 • 3041
რას უკავშირდება საკუთრების დაჩქარებული წესით ჩამორთმევაზე კანონპროექტი?

დღეს, 28 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტი განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევებს, რა დროსაც წარმოიშობა საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების შეზღუდვის აუცილებლობა, ადგენს საკუთრების ჩამორთმევის განხორციელების წესს, არეგულირებს კომპენსაციის სახისა და ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის პროცედურებს.

პროექტის თანახმად, თუ სამუშაოების/პროექტის განმახორციელებელი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების საბაზრო ღირებულებაზე, ქონების მესაკუთრეს აქვს უფლება, სარჩელით მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს სამოქალაქო წესით. აღნიშნული დავა ვერ შეაფერხებს ექსპროპრიაციის ღონისძიებებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ექსპროპრიატორი ქონების გამოთავისუფლებისთვის ყოფილ მესაკუთრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას:  მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული – არაუმეტეს 1 თვისა; მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას – არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა.

ვადის გასვლის შემდეგ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ადგილი აქვს ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფას ან სხვაგვარ ხელშეშლას, ექსპროპრიატორს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ ექსპროპრიატორს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით. ანუ სამართალდამცავ ორგანოს ნაწილობრივ უბრუნდება ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე, ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, როდესაც პირი იგებს, რომ მისი საკუთრება შეიძლება გახდეს ექსპროპრეაციის საგანი, ის ამ საკუთრებას სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებებით ტვირთავს, რითაც ცდილობს საბაზრო ფასზე მეტი თანხა მიიღოს.

“ამის გამო იმართება სასამართლო დავები, შედეგად ჩერდება პროექტის განხორციელება.  არის შემთხვევები, როდესაც ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე კომპენსაცია გადახდილია, მაგრამ მესაკუთრე არ ტოვებს ამ ქონებას და შემდეგ ხდება ახალი სასამართლო წესით დავის წარმოება, რათა მისი გამოსახლება მოხდეს, და ეს დამატებით დროს მოითხოვს.”

მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ 1990-იან წლებში სრულყოფილად არ მოხდა მიწის რეფორმა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ ქონებაზე არ აქვთ საკუთრების უფლება, მაგრამ ისინი მართლზომიერად ფლობენ ამ ქონებას და თუ აქამდე პირი ამ ქონებას არ დაირეგისტრირებდა, არავის შეეძლო ექსპროპრიაციის დაწყება.

“ჩვენი შემოთავაზებული პროექტით, იმის მიუხედავად, ქონების მართლზომიერი მფლობელი თანახმა იქნება თუ არა, პროექტის განმხორციელებელს უფლება ექნება, ეს ქონება დაურეგისტრიროს პირს და შემდეგ განახორციელოს ექსპროპრიაციის პროცედურა.”

საპოლიციო გამოსახლების უფლება სახელმწიფოს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტი გარკვეულ ხარვეზებს აწესრიგებს, თუმცა სახელმწიფოს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს:

“ამ შემთხვევაში პროექტის განმხორციელებებელს საპოლიციო გამოსახლების უფლება ენიჭება, მაშინ, როდესაც ამის უფლება კერძო მესაკუთრეებს არ აქვთ. მიზეზი, რომ არსებობს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი გზის გაყვანის შესახებ, ჩემთვის, როგორც მესაკუთრისთვის, არ არის საკმარისი არგუმენტი,” – ამბობს თეონა ზაქარაშვილი, ორგანიზაციის იურისტი.

შალვა თადუმაძის განმარტებით, “პოლციიას პროექტის განმხორციელებლის სასარგებლოდ პროცესში ჩართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება.

“ეს კანონი სრულად უზრუნველყოფს იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ისარგებლოს პოლიციამ და არა განცხადებით მიმართვის საფუძველზე. ამდენად, საკუთრების უფლების ნაწილში საპოლიციო გამოსახლებას პრობლემა არ გააჩნია.”

შესაძლო წინააღმდეგობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნორმა გაუქმდა.

“სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სანამ საკუთრებაზე დავა არ დასრულდება, ქონების ჩამორთმევა არანორმალური ნაბიჯია, რადგან მესაკუთრემ შეიძლება უზენაეს სასამართლოში მოიგოს დავა, მაგრამ ქონება უკვე ჩამორთმეული ჰქონდეს. ამ მიმართულებით პრობლემა არის,” – აღნიშნავს რატიანი.

შალვა თადუმაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სხვა კანონთან დაკავშირებით მიიღო და ამ გადაწყვეტილების გავრცელება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონზე არასწორია.

“თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მაშინ კიდევ ერთი(სააპელაციო) სასამართლოს საჭიროება, მგონი,  არ არის,” – ამბობს გედევან ფოფხაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

შესაძლო კავშირი პანორამა თბილისთან

საია აცხადებს, რომ კანონპროექტში მცირედი ცვლილებით, პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ, საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება, თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება. შესაბამისად, საია ვარაუდობს, რომ საბაგიროზე საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, “პანორამა თბილისს” უკავშირდება.

შალვა თადუმაძის განცხადებით, ეს კანონპროექტი მხოლოდ საზოგადოებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას ეხება და არა საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

“საიამ შეცდომა დაუშვა. მათ არაკვალიფიციური განცხადება გააკეთეს ამ კანონპროექტზე და შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, რომ თითქოს კანონს მხოლოდ სტანციონარული საბაგიროების შესახებ ჩანაწერი დაემატა, მაშინ, როცა კანონში არაერთი ცვლილება შევიდა. ამას გარდა, პანორამა თბილისის საბაგირო არ არის სტანციონარული საბაგირო, ის სატრანსპორტო საბაგიროა და სხვა ინფრასტრუქტურას წარმოადგენს,” – აღნიშნავს თადუმაძე.

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით, 8 ხმით არც ერთის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი