უცხოური ლიტერატურა სკოლებს მიღმა – საგანმანათლებლო პროცესის ხარვეზი

მასწავლებლები, მოსწავლეები, განათლების პოლიტიკის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საჯარო სკოლებში უცხოური ლიტერატურის სწავლება, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმა ასეთ ვალდებულებას არ აწესებს.

დღეის მდგომარეობით, განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულია ოთხი გამომცემლობის მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ხათუნა ბაღათურია 25 წელიწადზე მეტია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში, სადაც ეს საგანი შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანის” მიერ ვახტანგ როდონაიასა და ავთანდილ არაბულის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოთი ისწავლება. ამ სახელმძღვანელოში მხოლოდ ორი ნიმუშია შეტანილი უცხოური ლიტერატურიდან და ისიც მხოლოდ მე-7 კლასის წიგნში. “ჩვენი ლიტერატურა მართლაც უძირო ზღვაა, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს უცხოური ლიტერატურის ტექსტებიც სახელმძღვანელოში”, – ამბობს ხათუნა ბაღათურია. მისი თქმით, უცხოური ლიტერატურის შესწავლა მოსწავლეს ქართული ტექსტების უკეთ გააზრებაში დაეხმარება, რადგან უცხოურ და ქართულ კულტურებს შორის მათ პარალელების გავლების შესაძლებლობას მისცემს. ხათუნა ბაღათურია ამბობს, რომ თავად ცდილობს მოსწავლეებთან გაკვეთილზე უცხოური ტექსტები შეიტანოს, მაგრამ ქსეროასლების დამზადება საკუთარი სახსრებით უწევს და ხშირად ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ ეს კომპონენტი, მისი თქმით, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სასკოლო სახელმძღვანელოებში. თბილისის 63-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ცქარეული ამბობს, რომ ამჟამად მოსწავლეებს უცხოური ლიტერატურის ნიმუშების წაკითხვას კლასგარეშე საკითხავის სახით არდადეგებზე ავალებენ. “ლიტერატურა – ეს არის ფიქრი და ეს არის პარალელები და როდესაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხონ მსგავს თემაზე, ვფიქრობ, სულაც არ იქნება ცუდი,” – ამბობს ლია ცქარეული. თამუნა ჩერქეზიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის თოხლიაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. “ჯერ ერთი, ცოტა მოსაბეზრებელია, მხოლოდ ქართველი მწერლების ნაწარმოებებს რომ ვსწავლობთ. მე მგონია, რომ ზოგადად ლიტერატურის კითხვა შემოქმედებით აზროვნებას, ფანტაზიის უნარს ავითარებს და როცა დამატებით არ კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას, ეს ყველაფერი გაკლდება. უცხოური ლიტერატურის კითხვისას სხვადსხვა თემა უცნობი და არსებული რეალობის შეფასების საშუალებას გაძლევს, უფრო კრიტიკული თვალით უყურებ, თან იმის საშუალებაც არის, რომ სკოლაში ჩაკეტილ საზღვრებს გასცდე და ცოტა მეტი გაიგო სამყაროზე. ეს ძალიან დაეხმარება მოსწავლეს მისაღებ გამოცდებზეც,” – ამბობს თამუნა.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე ამბობს, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი სასწავლო გეგმაში არ ითვალისწინებს უცხოურ ლიტერატურას, თუმცა სახელმძღვანელოების ავტორები არ არიან შეზღუდული, რომ გრიფირების კონკურსში წარადგინონ წიგნები, სადაც უცხოური მწერლების ნაწარმოებებიც იქნება შესული. “სავალდებულო ნუსხა მათ არ შეიცავს, მაგრამ როცა სახელმძღვანელო შემოდის და ვაფასებთ, ბუნებრივია, უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების იქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ის უკეთესია, ან უარესია. ის განიხილება იმ კონტექსტში, რამდენადაც ის ეხმარება ბავშვის მიერ ქართული ლიტერატურის გაგებას. აქედან  გამომდინარე, არის შემთხვევები, როცა სახელმძღვანელოში გვხვდება ქართველი მწერლის ნაწარმოების გვერდით იმავე ჟანრის ან კონტექსტის უცხოური ლიტერატურა”. ნათია ჯოხაძის აზრით, უცხოური ლიტერატურის სწავლება კონტექსტში გააზრებას უწყობს ხელს და ის აუცილებელია. თუმცა, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად საგნის სახელწოდებაც “ქართული ენა და ლიტერატურაა”, სავალდებულო ნუსხაში უცხოური ლიტერატურის ჩასმა ვერ მოხდება: “სასწავლო გეგმა ვერ ჩადებს ამ კომპონენტს იმიტომ, რომ საგანს ჰქვია ქართული ენა და ლიტერატურა – ამ საგანში ვერ ჩადებს, მაგრამ სასწავლო გეგმა არის შესაძლებლობების მიცემის დოკუმენტი. ჩვენ სახელმძღვანელოს არ ვწერთ, ჩვენ ვწერთ სახელმწიფო სტანდარტს. სახელმწიფო სტანდარტით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვერ იქნება ჩამონათვალი სხვადასხვა უცხოურენოვანი ნაწარმოებისა. იმ სტანდარტში არის, რომ ეს ლიტერატურა, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული კულტურის ნაწილი, ავითარებს მთელ რიგ უნარებს და უკვე შემდგომ, სასწავლო გეგმა ამბობს, რომ სახელმძღვანელოს ავტორები არიან უფლებამოსილნი იმისათვის, რომ სტანდარტის შედეგზე გავიდეს მოსწავლე, დაამატონ სხვადასხვა ნაწარმოები”.

თინათინ კუხიანიძე, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემული ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს თანაავტორი, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ უცხოური ტექსტების სახელმძღვანელოში ასახვა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ზოგჯერ პრობლემას ქმნის:

“ეს უფლებებთანაც არის დაკავშირებული. ტექსტების შეტანა ერთია, მაგრამ მეორე მხარეა უფლებების მოპოვება, რაც გარკვეული თანხა ჯდება. წიგნის ბიუჯეტშიც უნდა ჩაისვას ეს. ტომ სოიერის შემთხვევაში, მაგალითად, მთარგმნელის გარდაცვალებიდან 70 წლის  გასვლის შემდეგ ეს უფლებები თავისუფლდება. სახელმძღვანელოში ნებისმიერი ნაწარმოებს შეტანისას, თუნდაც ნაწყვეტი იყოს, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და ესეც მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ხარჯებია. ყველაფერი გასათვალისწინებელია,” – ამბობს თინათინ კუხიანიძე.

მისი თქმით, ტექსტების შერჩევაც შრომატევადი საქმეა და ავტორებს რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინება უხდებათ:

“ადვილი არ არის ზოგადად არჩევა, ამა თუ იმ თემაზე ზუსტად იმ ასაკობრივ კატეგორიაში ნაწარმოები იპოვო, რომ ტექსტიც გასაგები იყოს მოსწავლისთვის, თემატიკაც ზუსტად შეესაბამებოდეს, ტექსტის სტრუქტურაც ისეთივე იყოს, როგორც მის ასაკს შეესაბამება. ამიტომ, ადვილი არაა შერჩევა დაწყებით კლასებში ასეთი ნაწარმოებების.” – ამბობს თინათინი.

ნათელა მაღლაკელიძე, გამომცემლობა “მერიდიანის” მიერ გამოცემული ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქართული ლიტერატურის კითხვა არ კმარა გემოვნების ჩამოყალიბებისთვის და, შესაბამისად, სახელმძღვანელოში უცხოურ ტექსტებს სხვა ავტორებთან შედარებით მეტი ადგილი უნდა დაუთმო. როგორც ავტორი ამბობს, უცხოური ლიტერატურის გაცნობა მოსწავლეს დაეხმარება როგორც წიგნიერების ამაღლების, ასევე, თარგმანის ნიუანსების გაცნობაში, რაც საბოლოო ჯამში მას დამოუკიდებლად აზროვნებისა და შეფასების უნარს ჩამოუყალიბებს:

“მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად აზროვნების და შეფასების უნარი. ეს დამოუკიდებელი აზროვნების და შეფასების უნარი მარტო უნარების ტესტების კეთებით არ ყალიბდება. ის უნარების ტესტები სწორედ ამის შედეგია. მოსწავლე, რომელიც ამდენს წაიკითხავს, მოაზროვნედ ჩამოყალიბდება და როცა მოაზროვნედ ყალიბდება ადამიანი, იმას დამოუკიდებელი აზრიც აქვს და იმ აზრის არგუმენტირების უნარიც”.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა. წინასაარჩევნოდ გარემონტდა შენობის ფლიგელი, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მისი თქმით, ქართულად ნათარგმნი უცხოური ტექსტები უკვე ქართული ენის საკუთრებაა და მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ეს ტექსტებიც შეისწავლონ:

“რაც შეეხება მეორე საკითხს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში რატომ უნდა შევიტანოთ უცხოური ლიტერატურს ნიმუშები – გეტყვით, ქართული ენა არის თარგმანების ენაც. თარგმანის ენაც უნდა გაიცნონ ჩვენმა მოსწავლეებმა. კლასიკური ნიმუშები კლასიკოსი მთარგმნელების მიერ არის შესრულებული, ძალიან მაღალი დონის მთარგმნელების, და ენა, თარგმანის ენა ჩვენი ენაა”.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ უცხოური ლიტერატურა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მოსწავლეებს თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარება:

“დღევანდელი მსოფლიო ეყრდნობა მრავალ ისეთ ტექსტს, რომელიც ქართულად არ დაწერილა და რომელიც, მათ შორის, საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი – მათ შორის, ჰომეროსის ”ილიადა” და “ოდისეა” ქართველებისთვის შუასაუკუნეებში იყო ერთ-ერთი ძირითადი ტექსტი. ჩვენ თუ წავიკითხავთ შუასაუკუნეების ქართულ ლიტერატურასაც, სულ არის მითითებები ამ ნაწარმოებზე. რატომ სწავლობდნენ მაშინაც ქართველები ამ ტექსტებს? იმიტომ, რომ მათი კულტურის ნაწილი იყო. ასევე არის მსოფლიო მხატვრული ლიტერატურა ქართული კულტურის ნაწილი და ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ისწავლებოდეს”.

უცხოური ლიტერატურის მნიშვნელობის გასამყარებლად სიმონ ჯანაშიას მაგალითად მოჰყავს იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში არაერთი უცხოური ნაწარმოები თარგმნა:

“ერთია, როცა ლიტერატურას, როგორც ლიტერატურას ვსწავლობთ და მეორეა, ტექსტებს რომ იყენებ რაიმე სხვა უნარების გასაძლიერებლად. მაგალითად, წერა-კითხვის სწავლების დროსაც, როცა ავტორები ეძებენ ტექსტებს, არჩევენ არა მხოლოდ საქართველოში შექმნილი ტექსტებიდან, არამედ თარგმნიან კიდეც. ამას აკეთებდა, მაგალითად, გოგებაშვილი, როდესაც თავის საკითხავ წიგნს აკეთებდა ბავშვებისთვის და “დედა ენას” ქმნიდა – ის არ იზღუდავდა თავს მხოლოდ ქართველების მიერ დაწერილი ნაწარმოებებით”.

სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების სისტემის მიზანია, საგანმანათლებლო სისტემაში არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ზოგადსაკაცობრიო განვითარება მოხდეს. ამიტომ მიიჩნევს, რომ ის ტექსტები, რომლებიც შექმნილია ამ ზოგადსაკაცობრიო დებულებების შესაბამისად, ან რომელიც გამოხატავს ამ ღირებულებებს და ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ეს ღირებულებები, არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრებით.

ამ კუთხით პრობლემას განათლების მკვლევარი სამი მიმართულებით ხედავს:

სიმონ ჯანაშია - განათლების მკლვარი

სიმონ ჯანაშია –
განათლების მკვლევარი

“მასწავლებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ თავად ბევრს არ კითხულობენ არც ქართულს და არც უცხოურ ლიტერატურას. მეორე მხრივ, მასწავლებლებს ძალიან ცოტა დრო აქვთ, გარდა საკუთარი სამუშაოსი, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის წიგნები იკითხონ. ხანდახან მასწავლებლებს უჭირთ ისეთი ტექსტის სწავლება, რომლებიც თავად არ უსწავლიათ. მით უმეტეს, ჩვენთან უცხოური ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა განვითარებული მაინცდამაინც არ ყოფილა და მასწავლებლებსაც არ უსწავლიათ ის თეორიები, რომელთა დახმარებითაც შეეძლებათ ამ ლიტერატურის განხილვა და თუნდაც პარალელების გავლება ქართულ ლიტერატურასთან.

მეორე არის ეროვნული სასწავლო გეგმის პრობლემა. ეროვნული სასწავლო გეგმის პრობლემაა, რომ განსაზღვრავს საბაზისო ნაწარმოებებს, რაც სავალდებულოა ისწავლებოდეს – იმის ნაცვლად, რომ განსაზღვრავდეს ავტორებს და მასწავლებლებს აძლევდეს საშუალებას, ირჩევდეს ნაწარმოებებს.

ეს პრობლემა საერთოდ მომდინარეობს მესამე პრობლემიდან – საგამოცდო სისტემიდან. განსაკუთრებით, გამოსაშვები გამოცდები არის ორიენტირებული კონკრეტული ტექსტების ცოდნაზე, მისაღები გამოცდების ნაწილია ორიენტირებული ამაზე და ეს ართულებს სხვა ტექსტებისთვის სათანადო დროის გამოყოფას სკოლებში იმიტომ, რომ უმეტესობა მასწავლებლების და მოსწავლეების ორიენტირებულია მხოლოდ ამ ტექსტებზე,” – ამბობს სიმონ ჯანაშია.

პრობლემის გადაჭრის გზას განათლების მკვლევარი ამ ბარიერების მოშორებაში ხედავს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სასწავლო გეგმაში შეზღუდვები შემცირდეს და უცხოური ლიტერატურის წახალისება მოხდეს:

“რესურსების რაოდენობის ზრდა იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგალითად, ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომი ტექსტების არსებობა, უცხოური ლიტერატურის და, ცხადია, მასწავლებლების მომზადება, რომ თავად წაიკითხონ უცხოური ლიტერატურა და თან იცოდნენ, როგორ შეიძლება ასწავლონ ეს ტექსტები. მაგალითად, რა ნიუანსებს შეიძლება მიაპყრონ მოსწავლეების ყურადღება კონკრეტული შინაარსის სწავლისას, რა პოლიტიკურ კონტექსტში იქმნება მოცემული ტექსტი, რა მიმდინარეობას მიეკუთვნება და სხვა და სხვა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.