ახალი ამბები

ეთიკის ქარტია: მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს იუსტიციის საბჭოს განცხადება

27 აპრილი, 2017 • 2874
ეთიკის ქარტია: მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს იუსტიციის საბჭოს განცხადება

საქართველოს ჟურნალსტური ეთიკის ქარტია ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას, რომლითაც საბჭო ითხოვს რეაგირებას მოსამართლეების მიმართ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე.

ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ “მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს საჯარო განცხადებით 26 აპრილს მიმართა. საჯარიო განცხადებაში, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, ქარტიის რეაგირებას ითხოვს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასწორად გაიგო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არსი. ქარტიის საბჭო თავის განცხადებაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც შექმნილია პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და არ ასრულებს სადამსჯელო ფუნქციებს.

ქარტია აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია მედიის სტანდარტის გაუმჯობესება, ჟურნალისტების და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ამიტომ საკუთარ ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა ქვეყანაში არ დაწესდეს.

თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რომელიმე პრინციპი, მათ შეუძლიათ მომართონ ქარტიას შესაბამისი ფორმით.

“მისასალმებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის ნაცვლად, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს, მედიის თვითრეგულირების ორგანოს მომართავს, თუმცა სამწუხაროა, რომ მისი არსი სწორად არ არის გაგებული.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ისევე როგორც მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული თვითრეგულირების ორგანოები, შექმნილია პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და არ ასრულებს სადამსჯელო ფუნქციებს. სწორედ ამიტომ, ქარტია იღებს გადაწყვეტილებას, დაირღვა თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში და არ სანქციას არ ადებს მის ავტორს.

ვერ დავეთანხმებით უმაღლეს საბჭოს იმაში, რომ ეს „გარემოება ისედაც ნაკლებეფექტურს ხდის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევებზე რეაგირების სისტემას“. არაერთი კვლევა და მედიამონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ 2009 წლიდან, ქარტიის დაფუძნებიდან დღემდე, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ეთიკური სტანდარტები მედიაში. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი ქარტიაში შემოსული განაცხადების რაოდენობა, საქმის განხილვაში მონაწილეობენ თავად ჟურნალისტებიც, განმცხადებლებიც.

ქარტია საქმეს განიხილავს დადგენილი წესის შესაბამისად, ამიტომაც, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რომელიმე პრინციპი, მათ შეუძლიათ მომართონ ქარტიას შესაბამისი ფორმით. საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ქარტიის საბჭოს არ შეუძლია საქმის წარმოების დაწყება და ზოგადი მსჯელობის შედეგად ჟურნალისტური სტანდარტების დაცის ან დარღვევის დადგენა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეტენზიას, რომ თითქოს ქარტიის პრინციპებში არ არის ასახული „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ დებულებაში ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად არის მიჩნეული.

ამას გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებაში მიუთითებს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების დადგენის აუცილებლობაზე მაშინ, როცა ქარტიას შემუშავებული აქვს სახელმძღვანელო პრინციპები ე.წ. გაიდლაინები ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესის გაშუქების შესახებ.

აქვე შევახსენებთ უმაღლეს საბჭოს, რომ ქარტია არა მხოლოდ საჯაროდ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს, არამედ არასდროს ერიდება საჯაროდ მოსაზრებების გამოთქმას და დისკუსიის დაწყებას მედიაში არსებული პრობლემების შესახებ. შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით ეხმაურება ყველა მოვლენას, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს.

ქარტიისთვის გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრება, თითქოს ჟურნალისტებს თვითცენზურისა და თვითშეზღუდვის ვალდებულება ჰქონდეთ. ქარტია, ისევე როგორც მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები, პირიქით, ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ ცენზურა, არამედ ჟურნალისტების თვითცენზურაც არ არსებობდეს, ვინაიდან „თვითცენზურა“ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან.

საერთო ჯამში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები „დასაშვები კრიტიკის“ და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს სცილდებიან, მიუღებელია ქარტიისთვის. ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება.

აქედან გამომდინარე, ქარტია, რომლის მთავარი მიზანია მედიის სტანდარტის გაუმჯობესება, ჟურნალისტების და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების დაცვა, საკუთარ ძალისხმევას მიმართავს სწორედ იქითკენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა ქვეყანაში არ დაწესდეს,”- აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი