ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“NATO, როგორც საფრთხე” – მრგვალი მაგიდა სოხუმში

27 აპრილი, 2017 • 3689
“NATO, როგორც საფრთხე” –  მრგვალი მაგიდა სოხუმში

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე  – “შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო გაძლიერება. აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოება”, რომლის ფარგლებში ანალიტიკოსებმა და რუსმა სამხედრო პირებმა შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

“ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი ფართოვდება, მისი საზღვრები აფხაზეთს დაუახლოვდება, როდესაც NATO საქართველოში შევა”, – აცხადებს სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. შამბამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც  ქართველ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებსა და ხელისუფლებას შეხვდა. ასეთი ვიზიტები აფხაზეთის არამეგობარ ქვეყანაში, შამბას განცხადებით, უკიდურესად საშიშია.

შამბა ამბობს, რომ ნატოს გაძლიერება საქართველოში რუსეთის, აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტისა და სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგაა მიმართული.

რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლის, ანდრეი ტირტოვის განცხადებით, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირების მიუხედავად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავაც ჩრდილოეთ ატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

“საქართველოს მხრიდან აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიის საფრთხე შემცირებულია, თუმცა ის [აგრესია] კვლავაც განიხილება როგორც ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის გზაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია მას ეკუთვნის და რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”, – აცხადეს ტირტოვი.

გარდა ამისა, ტირტოვმა დეტალურად და რაოდენობრივი კუთხით ისაუბრა იმ სამხედრო პოტენციალის შესახებ, რომელიც საქართველოს NATO-ს მხარდაჭერის შედეგად გააჩნია.

საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, მრავალეროვნულ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან.

სოხუმი: ფოტო: apsnypress

სოხუმი: ფოტო: apsnypress

მასალების გადაბეჭდვის წესი