ახალი ამბები

მოსამართლეების კრიტიკის საკანონმდებლო შეზღუდვას ომბუდსმენი მხარს არ დაუჭერს

27 აპრილი, 2017 • 1527
მოსამართლეების კრიტიკის საკანონმდებლო შეზღუდვას ომბუდსმენი მხარს არ დაუჭერს

საქართველოს სახალხო დამცველი მხარს არ უჭერს იდეას, რომლის მიხედვითაც ,შესაძლოა, კანონში მოსამართლეების კრიტიკაზე გარკვეული შეზღუდვა გაკეთდეს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

“მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე – პოლიციელთა დაცვის შესახებ, ცალკე – სამხედრო მოსამსახურეების შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, ვისთან მიმართებაშიც, შესაძლოა, ოდესმე რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას. არასერიოზულია, ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, არსებობს გარკვეული რეგულაციები და ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია, რომ დაიცვას კანონი. მათ გარკვეული თმენის ვალდებულებები გააჩნიათ. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. დამატებით რომელიმე ჯგუფისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას სახალხო დმაცველი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს, რომლითაც ითხოვენ რეაგირებას მოსამართლეების მიმართ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი