ახალი ამბები

კონსტიტუციის გადასინჯვა – ძირითადი ცვლილებები მოკლედ და საბოლოო პროექტი სრულად

28 აპრილი, 2017 • 5755
კონსტიტუციის გადასინჯვა – ძირითადი ცვლილებები მოკლედ და საბოლოო პროექტი სრულად

საქართველოს კონსტიტუცია იცვლება – პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა და პროექტი წარმოადგინა. წინ არის საერთო-სახალხო განხილვები და საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა.

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო შემოთავაზებულ რედაქციაში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

შემოთავაზებულ პროექტში კონსტიტუციის თითოეულ მუხლს თავისი სათაური აქვს, მოქმედ რედაქციაში კი მხოლოდ თავები არის დასათაურებული.

თავების გარდა, შეცვლილი არის სიტყვების რაოდენობაც. კერძოდ, კონსტიტუციის პროექტში 8 875 სიტყვაა, ხოლო მოქმედი კონსტიტუცია 1 1045 სიტყვისგან შედგება. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.

პრეამბულა
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა უცვლელი დარჩა.
ჰიმნის, დროშის და გერბის გადასასინჯად საკონსტიტუციო უმრავლესობა ხდება საჭირო

კონსტიტუციის პირველ თავში შეტანილი ცვლილებების თანახმად,  საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, თუმცა უნდა გადაისინჯოს არა 76 ხმით, არამედ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, საქართველოს დროშა პარლამენტის 76 დეპუტატის ხმებით ვერ შეიცვლება.
მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო სიმბოლოები ორგანული კანონით არის დადგენილი, მის გადასინჯვაზე კი განსაკუთრებული წესი არ იყო დადგენილი.

სახელმწიფო ენა ორგანული კანონით არის დაცული
კონსტიტუციის პირველ თავში შემოდის ახალი ჩანაწერი, რომ “სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით”.
საქართველო - სოციალური სახელმწიფო

კონსტიტუციის პირველ თავში შემოდის ჩანაწერი, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლში ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, “სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე”.

არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა მოქალაქის “ვალია”
პროექტის თანახმად, კონსტიტუციის პირველ თავში იქნება ჩანაწერი, რომ “არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია”
იკრძალება არჩევნებით არჩეული ორგანოს უფლებამოსილების ვადის შემცირებას ან გაზრდა
კონსტიტუციაში იქნება ჩანაწერი, რომლითაც იკრძალება “საყოველთაო არჩევნებით არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა”
კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი ქალაქ ლაზიკის სტატუსის შესახებ
კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში იყო ჩანაწერი, რომ “ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით”. კონსტიტუციის შემოთავაზებულ პროექტში ქალაქი ლაზიკა საერთოდ არ არის ნახსენები.
პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ფორმირებაში
პირველივე თავში ემატება ჩანაწერი პოლიტიკური პარტიების შესახებ – კერძოდ: “პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ფორმირებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.”
ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია
კონსტიტუციის პირველ თავში შემოდის ახალი ჩანაწერი, რომ “ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია”, ასევე, “სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე” .
იცვლება ჩანაწერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დადებული კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ
“სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას” – წერია კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში (მუხლი 9).
შემოთავაზებული რედაქციიდან სიტყვა “სრული” ამოღებულია და გვაქვს შემდეგი ფორმულირება: “რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.”
ადამიანის ძირითადი უფლებების თავში შემოდის “არსებითი თანასწორობის” ცნება
კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის თანახმად, შემოდის არსებითი თანასწორობის ცნება, კერძოდ,  “სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად”
კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ჩანაწერი არ არსებობს. მეთერთმეტე მუხლის მეოთხე პუნქტში ემატება, რომ სახელმწიფო ზრუნავს შეზღუდულლი შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის – “სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.”

დისკრიმინაციის ნიშნებს ემატება “ან სხვა ნიშნის მიხედვით”

შემოთავაზებული პროექტით კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლში ჩამოთვლი დისკრიმინაციების ნიშნებს, ემატება “ან სხვა ნიშნის მიხედვით”

“ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით”

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ეს ჩამონათვალი “საცხოვრებელი ადგილით” მთავრდება.

კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი ინტერნეტის თავისუფლებაზე
ინტერნეტის შესახებ ჩანაწერი არ არსებობს მოქმედ კონსტიტუციაში. შემოთავაზებული პროექტი ინტერნეტით სარგებლობის უფლებას ითვალისწინებს.

“ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება”

კონსტიტუციაში იქნება ჩანაწერი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესახებ

კონსტიტუციის პროექტის თანახმად, შემოდის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მედიაპლურალიზმი, მედიაში აზრის გამოხატვის თავისუფლება და მეწარმათა უფლებები უნდა დაიცვას ეროვნულმა მარეგულირებელმა:

“მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის პრევენციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით”.

კონსტიტუციით იქნება გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა
კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის შესახებ: “კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან”
კონსტიტუციით იქნება გარანტირებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ “გონივრულ ვადაში” განიხილოს მოქალაქის საჩივარი
შემოთავაზებული პროექტით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვა ადამიანის უფლებაა:

“ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება”.

კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი აკადემიური საქმიანობის თავისუფლების შესახებ
კონსტიტუცის შემოთავაზებულ პროექტში, ინტელექტუალური საკუთრების თავში შემოდის ჩანაწერი აკადემიური თავისუფლების შესახებ.

“სახელოვნებო და აკადემიური საქმიანობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია”.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მქონე პირთა წრე ფართოვდება

მოქმედი რედაქციით, არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს იმ პირს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.

შემოთავაზებული რედაქციიდან სიტყვა ქმედუუნარობა ამოღებულია. პროექტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე უქმდება ჩანაწერი, რომელიც სასჯალაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ “ნაკლებად მძიმე” დანაშაულში მსჯავრდებულებს აძლევდა ხმის მიცემის უფლებას. ახალი ჩანაწერით, პატიმრები ხმას ვერ მისცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულნი არიან  განსაკუთრებით მძიმე განზრახ დანაშაულისთვის.

კონსტიტუციის მეორე თავში აღარ იქნება ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს დასაქმებაში უმუშევარ მოქალაქეებს
შემოთავაზებული პროექტით, კონსტიტუციიდან ქრება 32-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, “სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში.” ეს ჩანაწერი პირველი თავის ზოგადი დებულებების მეხუთე მუხლში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე ვერ მიმართავს.

გარდა ამისა, კონსტუტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი, რომ “შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ”

კონსტიტუციაში განსაზღვრული იქნება ქორწინება
კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი გვთავაზობს ქორწინების შემდეგ დეფინიციას:“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”
კონსტიტუციაში საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება ჩაიწერება

საპროცესო უფლებების შესახებ კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ემატება ჩანაწერი, რომ “საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია”.

გარდა ამისა, კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი ადვოკატის შესახებ.

“ყველას აქვს უფლება, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.”

ემიგრანტებთან კავშირის შენარჩუნება
კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომ საქართველო ზრუნავს თავის ემიგრანტებზე:

“სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.”

კანონი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს და წესს განსაზღვრავს

თუ პრეზიდენტი ამ დრომდე თავად წყვეტდა მოქალაქეობის მინიჭებისა თუ შეწყვეტის საკითხებს, მან  ამიერიდან ორგანული კანონი უნდა გაითვალისწინოს.

პრეზიდენტი “ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის, ხოლო კანონით დადგენილი წესით თავშესაფრის მიცემის საკითხებს” – წერია შემოთავაზებულ პროექტში.

კონსტიტუციის შემოთავაზებულ რედაქციაში აღარ არის  ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე, ამავდროულად, არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.

კონსტიტუციის პროექტში მოცემული ჩანაწერით, ასევე ორგანული კანონი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეთავსების პირობებს და წესს.

აიკრძალა სახალხო დამცველად ერთ და იმავე პირის ორჯერ არჩევა
კონსტიტუციით აიკრძალება სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ორჯერ არჩევა.

შემთავაზებული რედაქციით, კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი სახალხი დამცველის ფუნქციის შესახებ:

“სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს” – ეს ჩანაწერი კონსტიტუციის პროექტში აღარ გვხვდება.

საჯარო ინფორმაციის გაცნობას საქართველოს მოქალაქეობის არმქონეც შეძლებს

კონსტიტუციის შემოთავაზებულ პროექტში იცვლება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, “საქართველოს ყველა მოქალაქეს” აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას. შემოთავაზებულ რედაქციის თანახმად, კანონით დადგენილი წესით  საჯარო ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა ყველას ექნება.

მიწა - განსაკუთრებული რესურსი
კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში არ იყო ჩანაწერი მიწის შესახებ.

“მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი” – წერია კონსტიტუციის პროექტი.

იცვლება პარლამენტის არჩევის წესი

პარლამენტი არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული წესი უქმდება და პარლამენტის 150-ივე წევრი აირჩევა პროპორციული წესით. კონსტიტუციაშო ზუსტდება, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს.

პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.

გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

უცვლელი რჩება 5%-იანი ბარიერი.

აიკრძალება არჩევნებში ბლოკების მონაწილეობა
კონსტიტუციის შემოთავაზებული რედაქცია არჩევნებში ბლოკების მონაწილეობა აღარ ითვალისწინებს – “არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას”.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია არჩევნებში ბლოკების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.

იზრდება პარლამენტის წევრად ასარჩევი პირის მინიმალური ასაკი
ცვლილებების პროექტით, 21 წლის ნაცვლად, პარლამენტის წევრად მოქალაქე მხოლოდ 25 წლის ასაკიდან შეიძლება აირჩეს, რომელსაც საქართველოში მინიმუმ 10 წელი უცხოვრია. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
იზრდება ფრაქციების დასაკომპლექტებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობა
შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება პარლამენტის ფრაქციების დასაკომპლექტებლად დეპუტატების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ფრაქციის დასაკომპლექტებლად საჭიროა 6 დეპუტატი, საკონსტიტუციო ცვლილებებით კი – ფრაქციის დაკომპლექტება შეეძლება მინიმუმ 7 დეპუტატს.

ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შეძლებს
პარლამენტში ერთი პარტიის სიით გასული დეპუტატები ვეღარ შეძლებენ ერთზე მეტი ფრაქციის შექმნას –  “ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში.”
უქმდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის შემდეგი წესი არის შემოთავაზებული:

“საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით პროპორციულად განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები”.

საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო წელს ვერ განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელ ნორმებს
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშრებით შემოდის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო წელს სასამართო ვერ ცნობს არაკონსტიტუციურად საარჩევნო ნორმებს:

“დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში დაუშვებელია”.

იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასაკი
ნაცვლად 30 წლისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ასაკი კონსტიტუციით განისაზღვრება 35 წლით
პროკურატურა - აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანო
თუკი კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში პროკურატურის ადგილი განსაზღვრულია, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მყოფის, შემოთავაზებული რედაქციით, იცვლება მისი ადგილი და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია.

“საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს,”- ვკითხულობთ კონსტიტუციის პროექტში.

პრეზიდენტი ვეღარ წარუდგენს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურებს, ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებიდან პრეზიდენტის როლი გამოირიცხა. კონსტიტუციის პროექტით, “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით არანაკლებ 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი”.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს: “უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია”.

იზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა
კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას: “უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე“.
მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კოპეტენტურობის ნიშნით
კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს “კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის” ნიშნით შეარჩევს.
მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა შენარჩუნდება
კონსტიტუციის შემოთავაზებულ პროექტში მოსამარლეთა პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ დანიშვნამდე, ნარჩუნდება მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, თუმცა იცვლება ფორმულირება.

კერძოდ, მოქმედ კონსტიტუციაში წერია: “მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა”.

შემოთავაზებული პროექტიდან სიტყვა “შეიძლება” ამოღებულია – “პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება 3 წლის გამოსაცდელი ვადით“.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად,  პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული და წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე, პარლამენტის მოთხოვნით – სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.

იცვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა
კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის თანახმად, იხვეწება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და მჭიდროვდება ვადები. კერძოდ, უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად, ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში – მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

იცვლება პარლამენტის მიერ ბიუჯეტის მიღების წესი
კონსტიტუციის შემოთავაზებული რედაქციით, იცვლება პარლამენტის მიერ ბიუჯეტის მიღების წესი.

კერძოდ, მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც,  თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად. ხოლო თუ პარლამენტი დადგენილ ვადაში უნდობლობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღეში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტიდან ეს ჩანაწერი ამოღებულია. აქ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ თუ პარლამენტმა არ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტი საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.

კონსტიტუციაში ჩაიწერება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება
კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში, პროექტის თანახმად, შემოდის ახალი ჩანაწერი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე:

“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

იცვლება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
კონსტიტუციის შემოთავაზებული რედაქციით იცვლება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.

მოქმედი რედაქციით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით კი, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სრული უმრავლესობის 2/3, თუმცა, მიღებულად ჩაითვლება და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება მას შემდეგ, თუკი ამ პროექტს უცვლელად დაუჭერს მხარს მომდევნო მოწვევევის პარლამენტის არანაკლებ 2/3.

ასევე, შემოთავაზებულ პროექტში რჩება კონსტიტუციის გადასინჯვის ძველი წესიც, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

კონსტიტუცია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სრულად იხილეთ ქვემოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი