ახალი ამბებიკომენტარი

იუსტიციის საბჭოს წერილის ავტორებმა ქარტიის იდეა კარგად ვერ გაიგეს – გიორგი მგელაძე

26 აპრილი, 2017 • 12729
იუსტიციის საბჭოს წერილის ავტორებმა ქარტიის იდეა კარგად ვერ გაიგეს – გიორგი მგელაძე

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ წერილის ავტორებმა ქარტიის იდეა მთლად კარგად ვერ გაიგეს”, – ასე პასუხობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალისტი გიორგი მგელაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმართვას, რომლის ერთ-ერთი ადრესატი ქარტიაცაა. მგელაძე იუსტიციის საბჭოს განცხადებაზე ნეტგაზეთთან ინტერვიუში საუბრობს:

– რამდენიმე კვირის წინ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მოსამართლეების კრიტიკა კანონით აეკრძალათ. ახლა, როცა ამ მიმართვაში მხოლოდ ეთიკაზეა აქცენტი და პირდაპირ კანონით დასჯას არ ითხოვენ, უკვე კარგია, თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ წერილის ავტორებმა ქარტიის იდეა მთლად კარგად ვერ გაიგეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქარტიას არაეფექტურად მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ ჩვენ არ გვაქვს სანქციების მექანიზმი და  არ ვსჯით, არ “ვამათრახებთ” იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ქარტიის კონკრეტულ პრინციპებს არღვევენ.  ქარტიის მიმართ ასეთი შეხედულება, ცოტა არ იყოს, სიბრიყვეა, რადგან ეს თვითრეგულირების მექანიზმია, რომელიც თვითონ ჟურნალისტებმა დააფუძნეს იმისათვის, რომ უკეთესი პროდუქტი შექმნან, საკუთარი ან ერთმანეთის მიერ დაშვებული შეცდომები აღმოაჩინონ და ჟურნალისტური სტანდარტები უფრო მაღლა ასწიონ. დამერწმუნეთ, კანონში ჩაწერილი სანქცია ვერ შეძლებს ისეთ მყისიერ რეაგირებას, როგორსაც ქარტია აკეთებს. სიბრიყვეა იმის არევა: ქარტიას სანქციები უნდა ჰქონდეს თუ თვითრეგულირების მექანიზმი იყოს. თავის დროზე, როდესაც ქარტია 200-მა ჟურნალისტმა დავაფუძნეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს თვითრეგულირების მექანიზმი ყოფლიყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით მოგვმართავს და ითხოვს, რომ ერთობლიობაში განვიხილოთ ეს საქმეები და ვთქვათ: რა მოხდა. მე რომ [საგამოძიებო] ფილმი მოვამზადო და რომელიმე მოსამართლე გავაკრიტიკო, იუსტიციის საბჭო რას გააკეთებს? ადგება და პირდპაირ [ფილმის საფუძველზე] განიხილავს, მართლაც ხომ არ დაარღვია ამ მოსამართლემ რამეო? ყველაფერს აქვს თავისი წესი და მიმართვის კონკრეტული ფორმა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავს მოსამართლის წინააღმდეგ საქმეს კონკრეტული წესით, ასევე ხდება ქარტიაშიც. წერილში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამბობს, რომ ჩვენი წესდება წაკითხული აქვთ და თუ ეს გააკეთეს, [ვებგვერდზე] საქმის წარმოების წესიც საჯაროდ გვიდევს…  თუ მათ სურთ, რომ ქარტიამ კონკრეტული ჟურნალისტური პროდუქტი შეაფასოს, ამისთვის  პატივი უნდა სცენ ინსტიტუციას და  წესების მიხედვით მოგვმართონ. თუ ეს მომართვა წესებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს [ხანდაზმულობის ვადა…] დააკმაყოფილებს, ჩვენ მას განვიხილავთ და განსხვავებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, რომელიც არასდროს ღიად არ ამბობს, ამა თუ იმ მოსამართლემ ეთიკა დაარღვია თუ არა, ქარტია ყოველთვის გამჭვირვალედ, საჯარო სხდომებზე იხილავს საქმეებს და ყველასთვის ცნობილია, რას თვლის ჟურნალისტური ეთიკი ქარტიის საბჭო დარღვევად და რას არა.

თუ გახსენდებათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ქარტიისთვის მოემართოს რომელიმე ჟურნალისტურ მასალასთან დაკავშირებით?

– მე რაც მახსოვს, არასდროს მოუმართავს, თუმცა სამდივნოში შემიძლია ამ ინფორმაციის დაზუსტება.

გიორგი მგელაძე © საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

გიორგი მგელაძე © საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

არც იმ საქმეებზე, რომლებიც მიმართვაში აქვს დასახელებული?

– ბოლო ერთი წელი, რაც მე საბჭოში ვარ – არა. საბჭოს ეს საქმეები არ განუხილავს.

კიდევ ერთი საკითხია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ განცხადებაში ჩვენს პრინციპებს ცოტათი ამახინჯებს. მათ განცხადებაში არის ასეთი ციტატა: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დარღვევად საერთოდ არ ასახელებს წინასწარ განზრახულ, ღვარძლიან, ცილისწამბელურ ბრალდებებს, უსაფუძვლო თავდასხმებს, ფაქტების დამახინჯებასა და ჭორების გავრცელებასო. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამას გვაბრალებს იმ ფონზე, როცა ქარტიის პრინციპებში მე-11 მუხლი არსებობს, სადაც სწორედ ფაქტის განზრახ დამახინჯებაზეა საუბარი. ჩვენს პირველ მუხლში ჟურნალისტის მხრიდან საზოგადოების პატივსცემაზე, პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაზეა საუბარი. ეს ნაწილი კიდევ ერთხელ მიღრმავებს ეჭვს, რომ [განცხადების ავტორებმა] ქარტიის რაობა და პრინციპების შინაარსი ვერ გაიგეს.

 

ამბობთ, რომ ის პრინციპები, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მოყვანილი, სინამდვილეში ქარტიასაც აქვს, ოღონდ ჩანაწერი სხვა სიტყვებითაა გაკეთებული?

– ისინი ციტირებენ ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციას, კი ბატონო, შესაძლოა, იგივე სიტყვები ჩვენს პრინციპებში არ წერია, მაგრამ არსი, რომ ჟურნალისტი კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი უნდა იყოს, რომ არ უნდა დაამახინჯოს ფაქტები – გვაქვს. შესაბამისად, იმის დაბარლება, რომ ეს ქარტიის პრინციპებში ვერ ვნახეთო, აბსურდად მიმაჩნია.

ზოგადად, მთლიანობაში ამ განცხადების პათოსი ჩემთვის, როგორც საბჭოს ერთი წევრისთვის, მიუღებელია. ინსტიტუცია, რომელსაც შიგნით ბევრად მეტი პრობლემა აქვს გამჭვირვალობის კუთხით, თითს იშვერს ქარტიისკენ და რაღაცებზე მიგვითითებს… მოგვიწოდებს, რომ სააშკარაოზე გამოვიტანოთ ჟურნალისტების დარღვევები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქარტიისთვის ვინმეს მოემართოს (საქმის წარმოების წესების დაცვით) და ჩვენ ის არ განგვეხილოს… იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ისეა დაშტრიხული, რომ ადამიანი ვერ გაიგებს, რომელმა მოსამართლემ რა დაარღვია. ჩვენზე იმის მითითება, რომ რაიმე სააშკარაოზე გამოვიტანოთ, კიდევ ერთი აბსურდია, რადგან ჩვენი ყველა განხილვა და გადაწყვეტილებაც საჯაროა.

 

თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ზოგადად, რატომ არის მიუღებელი, რომ მოსამართლეების კრიტიკაზე კანონში რაიმე შეზღუდვა არსებობდეს?

– ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვა, ჩემი შეფასებით, წინააღმდეგობაში მოვა გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან. ჩემთვის და, ეჭვი მაქვს, მედიაში მომუშავე ბევრი სხვა ადამიანისა და საზოგადოების ნაწილისთვისაც გამოხატვის თავისუფლება უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე კონკრეტული მოსამართლის გაკრიტიკება/არგაკრიტიკება. ისინი არიან ძალიან მაღალი სოციალური გარანტიებით აღჭურვილი ადამიანები, მათ აირჩიეს პროფესია, სადაც იცოდნენ, რომ შესაძლოა თმენის ვალდებულება ჰქონოდათ. მე მირჩვენია, რომ მოსამართლეებმა აიტანონ კრიტიკა,  ვიდრე კანონმა საერთოდ აკრძალოს. აბსურდი მგონია ამაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს არ გამოდის და ამიტომ ეთიკის ფლანგიდან გვიტევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი