ფოტო: პარლამენტი

“შრომის კოდექსი ინვესტიციების დასაცავი ბერკეტი არ არის” – დისკუსია პარლამენტში

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა  გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და კომიტეტის 2017-2020 წწ სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. რას უნდა ითვალისწინებდეს სამოქმედო გეგმა?

დღეს, 26 აპრილს, ჯანდაცვის კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,შრომა და დასაქმება“, რომელშიც პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქ. თბილისის მერიის და საკრებულოს, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

“25 წლის განმავლობაში საქართველოში საკმარისი გამოცდილება დაგროვდა იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნები და შეცდომებზე და მიღწევებზე დაყრდნობით შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის გრძელვადიანი ხედვა ჩამოვაყალიბოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობით,” – ამბობს კაკი ზოიძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

მისი განმარტებით, საქართველომ  კანონმდებლობა უნდა სრულყოს და  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ისე უნდა მოიყვანოს, რომ ბიზნესისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური უნდა იყოს ის ფასი, რაც სტანდარტის შესრულებას უკავშირდება.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეების ინტერესები უნდა დააყენოს პირველ ადგილზე და მათი საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა უნდა განახორციელოს.

რას უნდა ითვალისწინებდეს სამოქმედო გეგმა?

შრომის ადმინისტრირების სისტემა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პროგრამების დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შრომის ადმინსიტრირების სისტემა უნდა გამართოს:

“ეს მოიცავს როგორც  შრომის ინსპექციის, ასევე სოციალური პარტნიორობის ფორმატის ამოქმედებას და მედიაციის მექანიზმს. სამივე ფორმატი არსებობს, მაგრამ თითოეულს სერიოზული პრობლემები აქვს ეფექტურობის მიმართულებით. შრომის ადმინისტრირების გამართული სისტემა განსაზღვრავს, რეალურად მოხდება თუ არა შრომის კოდექსით განსაზღვრული უფლებების დაცვა.”

გარდა ამისა, ლინა ღვინიანიძის თქმით, უნდა გადაიხედოს შრომის კოდექსი და ამ პროცესში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი თანასწორობის პოლიტიკა უნდა იყოს:

“მნიშვნელოვანია, თანასწორობის პოლიტიკა კანონშიც გაიწეროს და გვქონდეს აღსრულების მექნიზმები. ეს პოლიტიკა მოიცავს ქალთა შრომითი უფლებების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების და ყველა სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებებს. ”

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება უზრუნველყოფილი არ არის:

“როცა ადამიანი სამსახურში მიდის, არის რისკი, რომ უკან მშვიდობით ვერ დაბრუნდება. შესაბამისად, შრომის პირობების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები უნდა არსებობდეს და ეს საკითხი სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს”.

სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას თქმით, ისეთ კომპანიებში, სადაც უბედური შემთხვევები ხშირია, ინსპექტირების პოლიტიკა გამკაცრდება. მისივე განმარტებით, ასეთ ადგილებში შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა მაღალი პრიორიტეტია და ცვლილებებით, შრომის ინსპექციას ნებართვის გარეშე შესვლა შეეძლება, რათა გასცეს რეკომენდაციები და შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების დააწესოს.

მინიმალური ხელფასი

“როცა უფლებრივი გარანტიების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ამაში მოვიაზრებთ ღირსეული მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხს. მინიმალური ხელფასი ერთ-ერთი თემა უნდა იყოს, რომლის დაწესებაზეც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობამ უნდა იმუშაოს,” – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მინიმალური ხელფასის არარსებობა პრობლემებს ქმნის შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების კუთხით:

“საჭიროა რეალური  მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და არა სისულელე, რაც ახლა გვაქვს, 20 ლარი კერძო სექტორში და დაახლოებით 115 ლარი- საჯარო სექტორში. მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე უნდა იყოს მიბმული.”

აკაკი ზოიძის განცხადებით, ჩვენ დღესვე შეგვიძლია  დავაწესოთ მაღალი სტანდარტები, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება ასეთი სტანდარტის შესრულება და სამუშაო ადგილი, უბრალოდ, არ შეიქმნება.

“მინიმალური ხელფასი შეგვიძლია დავაწესოთ, მაგრამ ძალიან საფრთხილო თემაა, თუ როდის დავაწესებთ. ძალიან დიდი შიშია იმის თაობაზე, რომ ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, რადგან გარკვეულ სექტორში არსებული კომპანიები ვერ შეძლებენ ხელფასით თანამშრომლების უზრუნველყოფას. მინიმალური ხელფასის დაწესების თემა  განხილული უნდა იყოს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში და პირველ რიგში- მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. აუცილებელია ადამიანის დაცვა და შრომის ელემენტალური პირობების უზრუნველყოფა, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა იყოს სახელმწიფოს როლი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე უნდა გაკეთდეს. მისი აზრით, სწორედ ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს ნორმალურ სამუშაო პირობებს და არა რეგულაციების დაწესება:

“აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე უნდა გაკეთდეს, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს შემოსავლების მატებასაც და ნორმალურ სამუშაო პირობებსაც. თუ ქვეყანა ღარიბი იქნება, რაც არ უნდა კარგი კანონები მივიღოთ, კანონი ფურცელზე დარჩება.  სადამსჯელო მექანიზმები არ მუშაობს, თუ ბიზნესს ამის აწევა არ შეუძლია და თუ ეკონომიკა არ ვითარდება.”

შრომის ორგანიზაციის უფროსი ტექნიკური მრჩევლის, ჟოლტ დუდაშის თქმით, მათ ესმით, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის კომპრომისია საჭირო და სწორედ ამის საფუძველზე მომზადდა მათი რეკომენდაციები. დუდაშის განცხადებით, შრომის კოდექსი ინვესტიციების დასაცავი ბერკეტი არ არის:

“გაეროს სჯერა, რომ სოციალური სამართლიანობა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს არ გამორიცხავს. საქართველოს შრომის კოდექსი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან. საუბარია ინვესტიციების და ბიზნესის დაცვაზე, ინვესტიციების დამცავი კანონმდებლობა არსებობს, შრომის კოდექსი არ არის ინვესტიციების დასაცავი ბერკეტი.”

_______________________________________________________________________

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.