ახალი ამბები

ვინ (არ) მიიღო საზმაუს კონკურსში მონაწილეობა

26 აპრილი, 2017 • 4099
ვინ (არ) მიიღო საზმაუს კონკურსში მონაწილეობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სულ შესულია 153 განაცხადი.

მაუწყებელში ამბობენ, რომ დღის განმავლობაში გამოაქვეყნებენ ცნობებს მიღებული პროექტების შესახებ, თუმცა მანამდე ნეტგაზეთი არკვევდა ინფორმაციას პირველი არხის რამდენიმე მოქმედი გადაცემის შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას ფარავენ.

კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია “ვექტორს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გადაცემა ივლისში დაიხურება, თუ მაუწყებელი რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. როგორც გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს,  კონკურსი ისეთ მიმართულებებზე იყო გამოცხადებული, რომ განაცხადს ვერც შეიტანდნენ. მაუწყებელს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებაზე კონკურსი არ გამოუცხადებია და ამ მიმართულებით გადაცემების შექმნას თვითონ აპირებს. ტაბლიაშვილი ფიქრობს, რომ “ვექტორი” კლასიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკშოუ არ არის და რადგან ევროატლანტიკური მიმართულების ორიგინალური პროდუქციით გაშუქება მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ კუთხით კონკურსის გამოცხადება შეიძლებოდა.

ტაბლიაშვილი ამბობს, რომ მასაც და გადაცემის მეორე წამყვან გიორგი ცხვიტავასაც მაუწყებელთან მუდმივი კონტრაქტები აქვთ. მისი თქმით, ამ ეტაპზე მას მაუწყებლისაგან არავითარი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ამას არაფერს უკავშირებს, რადგან გადაცემა ივლისამდე ეთერშია და თვლის, რომ ჯერ ამის შესახებ საუბრის დრო არ არის, თუმცა სეზონის ბოლოს ტაბლიაშვილი ელის, რომ არხის კვალიფიციური თანამშრომლები მაუწყებლისაგან გარკვეულ წინადადებებს მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობს გადაცემა “რეალური სივრცე”. მიმართულება სოციალური ტოკშოუა, რომელიც პროექტის და კონკურსის პირობების მიხედვით, კვირაში ერთხელ უნდა გავიდეს.

“ჩვენი პროექტი გაუმჯობესებულია იმ მხრივ, რომ რაღაცები დამატებული აქვს. ჩემი აზრით, იმაზე უკეთესია, რაც იყო. გარკვეული სიახლეები შევიტანეთ, უფრო მულტიმედიურია, ის მოიცავს ვებსივრცესაც, რადიოსთან ურთიერთობასაც. ჩემი აზრით, გაუმჯობესებული პროექტია. ვნახოთ კონკურსის შედეგები, რომელსაც ალბათ მაისის ბოლოს გავიგებთ და სწორედ მაშინ გვეცოდინება, ვაგრძელებთ არხზე მუშაობს [მომდევნო სეზონიდან] თუ არა”, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი, გადაცემის ავტორი და წამყვანი.

ჯერჯერობით გაურკვეველია რადიო თავისუფლების გადაცემების, “წითელი ზონის” და ინტერview-ს ამბავი. მათ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ. სალომე ასათიანის ინტერview კონკურსში ვერც ჩაერთვებოდა, რადგან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას მაუწყებელი თავისი რესურსებით დაფარვას აპირებს. ამ კუთხით ასევე უცნობია თამარ ჩიქოვანის გადაცემა “მთავარის” საკითხიც.

ფაქტია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ეს გადაცემებიც გაჩერდება, თუმცა, მომდევნო სეზონიდან გავა თუ არა ისევ ეთერში, გაურკვეველია. ამ საკითხის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს ია ანთაძე, საზმაუს აღმასრულებელი საბჭოს წევრი. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე კი აცხადებს, რომ “ჯერჯერობით სათქმელი არაფერი აქვთ”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 5 მიმართულების 9 გადაცემაზე წარადგინეს:

მიმართულება: სოციალური – 28 განაცხადი

სოციალური თოქ-შოუ: 28 განაცხადი

მიმართულება: კულტურა – 40  განაცხადი

  • კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა – 21 განაცხადი
  • კულტურის სიახლეების მიმოხილვა – 19 განაცხადი

მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო – 48 განაცხადი

  • ჯანსაღი ცხოვრება – 2 განაცხადი
  • სოფლის მეურნეობა – 5 განაცხადი
  • ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება – 41 განაცხადი

· მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული – 29 განაცხადი

  • საბავშვო შემეცნებითი გადაცემა – 17 განაცხადი
  • საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა -12 განაცხადი

· მიმართულება:  შემეცნებით-გასართობი – 8 განაცხადი

კულინარიული შოუ – 8 განაცხადი

კონკურსი 3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსი შეფასების 3 ეტაპს მოიცავს და 5 მიმართულების 9 გადაცემის შერჩევას ისახავს მიზნად. გადაცემებს 12-წევრიანი კომისია შეარჩევს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მიწვეული ექსპერტებიც:

დრამატურგი – თამარ ბართაია,

სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი,

მედიაკრიტიკოსი – დავით ბუხრიკიძე,

სცენარისტი, რეჟისორი – სოფო ბაბლუანი. აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან:

თეო მაზმიშვილი – წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი.

რუსუდან მანჯგალაძე – სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი

კოტე ჯანდიერი – დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი

თემურ გოგოლაძე – წარმოების დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ ბუხრაშვილი – ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი

რუსუდან ახვლედიანი – კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი

თამარ კაციტაძე – ონლაინ მედიის ხელმძღვანელი

ის აპლიკანტები, რომლებიც პირველ ტურს წარმატებით გადალახავენ, მაისის დასაწყისში კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში საუკეთესოდ დასახელებული პროექტები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი