ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში ძაღლის ჭირია გავრცელებული – მიზეზები და რჩევები

26 აპრილი, 2017 • 34618
თბილისში ძაღლის ჭირია გავრცელებული – მიზეზები და რჩევები

გასულ წლებთან შედარებით თბილისში გაცილებით მწვავე ძაღლის ჭირია გავრცელებული, რის შედეგადაც უკვე არაერთი ძაღლი დაიღუპა – ამის შესახებ ცხოველთა დამცველები და ვეტერინარები საუბრობენ.

ვეტერინალური კლინიკა “ბუნების” ხელმძღვანელი, დავით ნანობაშვილი ამბობს, რომ ჭირის გავრცელების მასშტაბი ძალიან დიდია და გასულ წლებთან შედარებით ხორცის მჭამელთა ჭირით ძაღლების სიკვდილი გასამმაგებულია.

“ვერ გეტყვით, საიდან მოდის ეს ვირუსი, არ ვფლობ ამის შესახებ ინფორმაციას. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მასშტაბი უკვე ძალიან დიდია. როგორც წესი, არახარისხიანი ან არაკეთილსინდისიერი ვაქცინაციის შედეგია ეს ყველაფერი. ასევე ვიტყვი იმას, რომ საქართველოში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ვაქცინაცია არ სჭირდება ძაღლს, არასწორია – ეს ფატალური შედეგით მთავრდება,” – ამბობს ვეტერინარი.

მისი თქმით, ლეტალური შედეგი (სიკვდილი) ძალიან მაღალი პროცენტია და უმეტეს შემთხვევაში ძაღლების მკურნალობა არაეფექტურია.

ვეტერინალური კლინიკა “ვეტ ჰაუსის” ექიმი, ირაკლი ნარჩემაშვილი ასევე ამბობს, რომ სტატისტიკურად, მათ კლინიკაში გასულ წლებში შედარებით ნაკლები ძაღლი მიჰყავდათ, რომლებსაც ჭირი ჰქონდათ: “ახლა დღეში 3–4 ჭირით დაავადებული ძაღლი მოჰყავთ, თუ მეტი არა. მარტო რაოდენობას არ ვგულისხმობ – წელს უფრო მწვავე ფორმებშია ეს ვირუსი და გადარჩენის შანსიც უფრო ნაკლები გახდა.”

როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლს ჭირი აქვს

ფილტვები: ძაღლს აქვს მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან და თვალიდან მოსდის ჩირქოვანი სითხე. ასევე, ერთ–ერთი სინდრომია ხველება და გახშირებული არასტანდარტული სუნთქვა, თითქოს სირბილით დაღლილია ძაღლი.

კუჭ–ნაწლავი: ძაღლი გამოყოფს ფაფისებურ ფეკალიებს, რომელსაც ვერ აჩერებს – მოსდის ინტენსიურად და წყალ-წყლად იცლება. ეს შეიძლება იყოს როგორც ჭირი, ასევე ენტერიტი; ერთ წლამდე ძაღლს ემართება ხშირად ვითარდება ენტერიტი, ხოლო ჭირი ნებისმიერ ასაკში.

როგორც ირაკლი ნარჩემაშვილი ამბობს, ვიზუალურად ცოტა რთულია ამის გაგება, მაგრამ როგორც კი შეატყობთ ძაღლს ამ სიმპტომებს, თუნდაც წირპლს, უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. სპეციალისტის თქმით, ამ შემთხვევაში, ძაღლი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან:

“ათჯერ რომ მოგვიყვანონ ერთი ძაღლი სხვადასხვა მიზეზებით, ვალდებულები ვართ, ათივეჯერ მივიღოთ და ამომწურავი პასუხი გავცეთ. არ არის ეს დასაცინი. რაც არ იცით, უნდა გაიგოთ. იმისთვის ვართ ვეტერინარები, რომ ასეთ შემთხვევებში მეპატრონეებს დავეხმაროთ.”

დავით ნანობაშვილი კი ამბობს, რომ გავრცელებული აზრია, თითქოს მხოლოდ ლეკვებს ემართებათ ჭირი, არ არის სწორი: “უბრალოდ, დიდ ძაღლს გადარჩენის შანსი უფრო დიდი აქვს, თუმცა უმნიშვნელო პროცენტზეა ლაპარაკი. ლეკვები უფრო სუსტები არიან, სუსტი იმუნიტეტი აქვთ და მარტივად ერევა ვირუსი.”

მისი თქმით, ძაღლის გადასარჩენად ყველაზე სწორი პრევენციული ღონისძიება არის კლინიკაში ხარისხიანი ვაქცინაცია. მისი თქმით, ლეკვების შემთხვევაში, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია მათი იზოლაცია უსაფრთხო ადგილას.

“ვაქცინა ინახება სპეციალურ ტემპერატურაზე და მისი აწყობა ხდება კონკრეტული პაციენტიდან გამომდინარე. სტანდარტული სქემა, რომ ერთნაირად გაკეთდეს, როგორც წესი, არ ამართლებს; წახვიდე ზოომაღაზიაში ან კლინიკაში, იყიდო ვაქცინა და გადაიტანო ჯიბით, ნახევარ საათში ის უკვე გაფუჭებულია. მისი შენახვის ტემპერატურა +2 / +7 გრადუსია,” – ამბობს ნანობაშვილი.

საიდან მოდის ხორცის მჭამელთა ჭირი?

ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, თინათინ ჭავჭანიძის განცხადებით, ჭირის გავრცელების ერთ–ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ანტისანიტარია ქალაქში და განსაკუთრებით თბილისის მერიის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრაში არსებული სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა. მისი თქმით, წლებია, თავშესაფარი არის დაავადებების გავრცელების სერიოზული წყარო.

“თავშესაფარში არ არის დაცული სანიტარული ნორმები და არ ხდება დაავადებების წინააღმდეგ ტერიტორიის დამუშავება. სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დასაცავად მიზერული თანხებია გამოყოფილი. გარდა მისა, ჭირის გავრცელებას გარემოც უწყობს ხელს – მუდმივი სინესტე. ვოლიერებს რეცხავენ და ცხოველები მუდმივად სისველეში წვანან, ხოლო წყალს გადააქვს ინფექცია – ამაზე გახსნის დღიდან ვჩხუბობთ. არანაირი სხვა მეთოდი არ გააჩნიათ, თუნდაც პერიოდული სანიტარული ღონისძიებები. თავშესაფარს არავინ ამოწმებს. სავარაუდოდ, არ არსებობს მაკონტრლებელი უწყება, და თუ არსებობს, მაინც არავინ ამოწმებს,” – ამბობს ჭავჭანიძე.

კითხვაზე, თუ საიდან იციან ცხოველთა დამცველებმა ამის შესახებ და რატომ უყენებენ ასეთ ბრალდებებს თბილისის მერიის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს, თინათინ ჭავჭანიძე ამბობს:

“მიკედლებული ძაღლები, რომლებიც მიჰყავთ გასასტერილებლად, ბრუნდებიან ჭირით დაავადებულები. მერე მიმკედლებლებს უწევთ მაგათი მკურნალობა. თვითონ რომ გაესტერილებინათ მეპატრონეებს ძაღლები, უფრო ნაკლები ხარჯის გაღება მოუწევდათ, ვიდრე ცხოველთა თავშესაფარში მისვლისას.”

როგორც ჭავჭანიძე ამბობს, ძაღლის ჭირის კიდევ ერთი გავრცელების წყაროა ცნობილი დიღმის ბაზრობა. ასევე ის, რომ არ არის კარანტინი. ჭირის გავრცელების ერთ–ერთ მიზეზად ძაღლებით მოვაჭრეებს ასახელებს ვეტერინარი ირაკლი ნარჩემაშვილიც.

“არა მარტო დიღმის ბაზარზეა საუბარი, კერძო პირებიც არიან ძაღლების გაყიდვის ბიზნესით დაკავებულები. ხვდებიან, რომ ძაღლი პრობლემატურია, მაგრამ გასაღებაზე არიან. არც ვაქცინებს უკეთებენ დედ–მამას პრევენციისთვის, რომ ლეკვზე არ გადავიდეს და შემდეგ არც სუფთა გარემოში უვლიან. მეპატრონეები არ არიან გათვითცნობიერებულები და ვერ ცნობენ ჭირიან ლეკვს. მე ვეტექიმი ვარ და ვიცი, მაგრამ მან არ იცის. მერე მოჰყავთ ჩვენთან იმიტომ, რომ რაღაც არ მოსწონთ: თვალიდან და ცხვირიდან ეწყებათ ცხოველებს გამონადენი, ვაკეთებთ სწრაფ ტესტებს და აღმოჩნდება, რომ ჭირი აქვს.”

ვეტერინარის თქმით, ამ ყველაფერს უწყობს ხელს გარემოც. მისი თქმით, არ ხდება ქალაქების დეზინფექცია, რომელიც აუცილებელია გარკვეულ პერიოდში ერთხელ.

“ამდენი მიუსაფარი ცხოველია და ისინი გადამტანები არიან ვირუსის. ადამიანებიც ვირუსის გადამტანებად ვითვლებით ამ დაავადებების – აირ-წვეთოვანით და კონტაქტით გადადის. ხელს ვერ დაადებ, რომ ჭირის გავრცელება შეიძლება რომელიმე თავშესაფრის ბრალი იყოს. ეს არის მასობრივი პრობლემა, რომელსაც მიხედვა სჭირდება. კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოების ნაწილი, ვისაც ცხოველები აინტერესებს, შეკრებილიყო და ვეტერინარების რჩევები მიეღო. ვისაც ჰყავს ცხოველი ან სურს ყიდვა, უნდა იცოდეს, როგორ მოუარონ და როგორ მიხვდნენ, რომ ძაღლი დაავადებულია,” – ამბობს ნარჩემაშვილი.

როგორც ვეტერინარი ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ სანამ ძაღლს იყიდით ან გადაწყვეტთ ვინმესთვის ჩუქებას, მიხვიდეთ ვეტერინართან – გამოკვლევა თუ არა, ვიზუალურად მაინც რომ დაათვალიერონ ცხოველი:

“ზოგიერთი, ვინც ყიდის ძაღლს და ხედავს თვალიდან გამონადენს, ეუბნება მყიდველს, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, რათა დამალოს სიტუაცია. თვალიდან გამონადენი, ხველება – ჭირს ახასიათებს ორი გამოვლინება: ეს არის ფილტვები, როდესაც ზედა სასუნთქ გზებზე ვითარდება და არის კუჭნაწლავის პრობლემა, როდესაც ეწყება ფაღარათი და ღებინება. ეს ყველაფერი თუ არ მიიხედა თავის დროზე, შემდეგ გადადის რთულ ფორმებში.”

მუნიციპალური თავშესაფრის პასუხი ბრალდებებზე

ცხოველთა დამცველები მუნიციპალურ თავშესაფარში შექმნილ სანიტარულ მდგომარეობას წლებია აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ იქ მიუსაფარი ცხოველები ავადდებიან, თუმცა თავშესაფრის ხელმძღვანელები მათ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია ამბობს, რომ ხორცის მჭამელთა ჭირის გავრცელების ან ძაღლების სხვა ინფექციური დაავადებების შესახებ უარყოფითი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დაინტერესდება ამ თემით.

“ჩვენი თავშესაფრის ცხოველების ბრუნვის და ინფექციურ დაავადებათა შესახებ მონაცემების ანალიზის საფუძვლით, არანაირი ინფორმაცია გაგვაჩნია უარყოფით ტენდენციებზე. მუნიციპალურ თავშესაფარში ყოველწლიურად ცხოველების ბრუნვა არის 6–7 ათასი. მსგავსი ბრუნვა საქართველოში არც ერთ კლინიკას აქვს – კლინიკამ წელიწადში შეიძლება 50–100 ცხოველი მიიღოს და ტენდენციებზე რომ ისაუბროს, ცოტა ისეთია… გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ეტყობა,” – ამბობს ქვარაია.

როგორც ქვარაია ამბობს, ამ დაავადების მატარებელი ძაღლები მუნიციპალურ თავშესაფარში მიჰყავთ, თუმცა ბოლო პერიოდში ეს თემა არ არის ისეთი საგანგაშო, რომ უარყოფით ტენდენციებზე ისაუბროს:

“ზოგადად, სხვა დაავადებებთან შედარებით, ჭირის ფაქტები დაახლოებით 10–15 პროცენტია სხვა დაავადებებთან შედარებით – მთლიან ციკლზე გეუბნებით. ზოგადად, დაავადებების გავრცელებას კლიმატურ პირობები, სანიტარული პირობები უწყობს ხელს, პოპულაციაში მიმდინარე სხვა რაღაც ცვლილებები. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჭირის გავრცელების ან ამ დაავადებების მატარებელი ცხოველების რაოდენობა დინამიკაში იზრდება თუ მცირდება, ასეთი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და ვერ დაგიდასტურებთ. თუმცა, აუცილებლად გადავამოწმებთ.”

რაც შეეხება ცხოველთა დამცველების ბრალდებებს მუნიციპალურ თავშესაფარში შექმნილ სანიტარულ–ჰიგიენურ მდგომარეობაზე, ლერი ქვარაია ამბობს, რომ ყველაფერი ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ მხრივ პრობლემა არაფერია.

“ვოლიერების დასუფთავება მუნიციპალურ თავშესაფარში ხდება მინიმუმ დღეში ორჯერ. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველებს სხვადასხვა ინფექციური დაავადებები აქვთ. მაგალითად, გახშირებული ფაღარათი. ამ შემთხვევაში უფრო ხშირადაც ირეცხება. ვოლიერების დასუფთავების პროცესი, პირველ რიგში, ითვალისწინებს ცხოველის ვოლიერიდან გაყვანას, ვოლიერის რეცხვას წყლის ჭავლით, მერე დეზინფექციას წყლის ჭავლის საშუალებით და ცხოველის გაყვანის შემდეგ, ვოლიერიდან გაგვაქვს ე.წ. ქვეშსადი – სპეციალური საიზოლაციო მასალისგან მომზადებული მოწყობილობა, რომელზეც ეს ცხოველები წვანან. ის, რომ ცხოველები წვანან სველ იატაკზე, არის აბსოლუტური ტყუილი. ვოლიერებს ვერ გავამშრალებთ იმიტომ, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ გაგვაჩნია და არც არსად ხდება მსგავსი რამ. ვოლიერი ირეცხება, დეზინფექცია უტარდება და ე.წ. პადონები, რომელზეც ცხოველები წვანან, მშრალია იმ მომენტისთვის. ჩვეულებრივად დაეფინება იქ. იატაკიდან “პადონამდე” არის დაახლოებით 20 სმ. სიგრძე და იქ ეს ცხოველები მშრალად წვანან,” – აცხადებს მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორის მოადგილე.

როგორც ქვარაია ამბობს, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლები პერიოდულად გადიან დიღმის ბაზრობაზე და ცხოველების მოვლა–პატრონობის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ, ხოლო დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს ატარებენ.

ძაღლების ჭირის გავრცელების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ლერი ქვარაიამ სურსათის ეროვნული სააგენტოში გვირჩია, რომელიც, მისი თქმით, უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგვცემდა ძაღლის ჭირის გავრცელების შესახებ. ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სადაც განგვიცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია ამ თემაზე და ეს საკითხი მათ არ ეხებათ: “ეს კერძო ვეტერინარების და თავად მეპატრონეების თემა უფროა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი