საბაგიროზე საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, “პანორამას” უკავშირდება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, “პანორმა თბილისის” პროექტს უკავშირდება.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში  “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა. საიას განცხადებით, წარმოდგენილი განცხადების მიზანს არ წარმოდგენს ახალი კანონის პროექტის სრული და საფუძვლიანი შეფასება:

თუმცა გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ერთ საკითხზე, რომელიც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტში მისი ასახვა „პანორამა თბილისის“ პროექტს უნდა უკავშირდებოდეს.”

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ჩამოთვლილია ყველა ის საფუძველი, რა დროსაც საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) ხორციელდება.

საია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონის ახალ რედაქციაში მცირედი ცვლილებით, პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ, საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება, თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონპროქტს მოცულობითი განმარტებითი ბარათი ახლავს თან, ბარათში არ არის აღნიშნული, თუ რით არის განაპირობებული სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟების დროს საკუთრების ჩამორთვევის დაკანონება. დაუსაბუთებლად, ყოველგვარი სათანადო არგუმენტაციის გარეშე, მეტად სპეციფიური ინიციატივის შემუშავება (სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევა) აჩენს კითხვებს, ხომ არ ემსახურება აღნიშნული კერძო ინტერესებს/პროექტებს, და არა ობიექტურ საზოგადო საჭიროებას,” – აცხადებს საია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ თანაინვესტირების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პანორამა თბილისის ორი პროექტი – თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. სოლოლაკის მაღლობი სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკვშირდეს ერთმანეთს.

შესაბამისად, საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოები თბილისის ისტორიულ ნაწილში უნდა განხორციელდეს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც უარყო ყოველგვარი კავშირი ე.წ. პანორამა თბილისისა და მთავრობის კანონპროექტს შორის.

“მოვუწოდებთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებმდე მომართონ თანაინვესტირების ფონდს ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას,” – ნათქვამია თანაივესტირების ფონდის განცხადებაში.

პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში “პანორამა ბილისის” წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.