ახალი ამბები

რა პირობებში ქმნის დიზაინერი ზვიად ციკოლია პირველ ქართულ სპორტულ თვითმფრინავს

26 აპრილი, 2017 • 4009
რა პირობებში ქმნის დიზაინერი ზვიად ციკოლია პირველ ქართულ სპორტულ თვითმფრინავს

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის, ამჟამად პირველი ქართული სპორტული თვითმფრინავის შექმნაზე თბილავიამშენის ტერიტორიაზე მუშაობს. რა პირობებში ქმნის ციკოლია თვითმფრინავს, აქვს თუ არა დაფინანსება – ამ და სხვა საკითხებზე დიზაინერი “ნეტგაზეთს” ესაუბრა:

როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა და რატომ დაინტერესდით ავიაციით?

ყოველთვის სურვილი გვაქვს ის ვაკეთოთ, რაც საქართველოში არ გაკეთებულა. გაჩნდა იდეა, რომ თვითმფრინავების წარმოება დაგვეწყო, ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, არიან ჩართული. ასე ნელ-ნელა დავიწყეთ და უკვე ამ ეტაპამდე მივიყვანეთ თვითმფრინავის პროექტი. პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ, არაფერი არ იყო. გარკვეულწილად, “თიბისი ბანკმა” გამოგვიყო თანხა, რომ კომპონენტები შეგვეძინა, და უკვე დასასრულამდე მივედით.

სახელმწიფო ამ პროექტის დაფინანსებაში არ არის ჩართული?

არა, არ არის. სახელმწიფო იმ მხრივ დაგვეხმარა, რომ ზამთარში, იმ პერიოდში, როცა პირობები არ გვქონდა, მოგვცეს საშუალება, ქარხნის ტერიტორიაზე შემოვსულიყავით და ეს პროექტი გაგვეგრძელებინა. ეკონომიკის სამინისტრო დაგვევხმარა.

რამდენი ხანია ამ პროექტზე მუშაობთ?

რამდენიმე წელია ვმუშაობთ, მაგრამ ინტენსიური ტემპით 1 წელია ზუსტად.

რა ტიპის თვითმფრინავებს ქმნით?

ეს ერთადგილიანი, მსუბუქი, სპორტული თვითმფრინავია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ასევე ვგეგმავთ ორადგილიანი და ოთხადგილიანი თვითმფრინავების წარმოებასაც.

რა ტიპის რესურსი აქვს ამ თვითმფრინავებს? რისთვის შეიძლება მათი გამოყენება?

დაახლოებით 350 კილომეტრზე შეუძლია ფრენა, ბევრ რამეში შეიძლება მათი გამოყენება, მაგალითად, შესაძლებელია, ტყეს მიაქციო ყურადღება ზემოდან, სასაზღვრო სამსახურს შეუძლია გამოიყენოს, პირადი მოხმარებისთვისაც. მოგვიანებით, ფრენის მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებლობებზე უფრო მეტი გვეცოდინება.

სახელმწიფო რატომ უნდა დაინტერესდეს ამ პროექტში ჩართვით? რა სარგებელს მიიღებს ამით?

ინოვაციურია ეს პროექტი, ასეთი რამ არ ყოფილა საქართველოში. ეს მაღალტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, მაღალინტელექტუალური სფეროა, ამით თუ არ დაინტერესდი, აბა, რით უნდა დაინტერესდე? მილის ჩარჭობა და მინერალური წყლის ჩამოსხმა ყველას შეუძლია, პრობლემა არ არის, ჩამოიტანე ხაზი, ჩაარჭე მილი, აიღე ლაბორატორიული სინჯი და ჩამოასხი მინერალური წყალი, მიდი, აბა, და ნულიდან გააკეთე ისეთი რამ, როცა არც მასალები იშოვება საქართველოში, არც იმის საშუალებაა, რომ გარკვეული ფასდაკლება მიიღო მასალებზე. რაღაც ამერიკიდან ჩამოგვაქვს, რაღაც გერმანიიდან ჩამოგვაქვს და ნულიდან ვქმნით. ვყიდულობთ მხოლოდ მასალებს და დანარჩენს ვამზადებთ ჩვენით, ყალიბებს ჩვენით ვაკეთებთ, გამოთვლებს. არაფერი გამზადებული არაა, ძრავის გარდა. ეს არ არის ვაშლი, რომ წყალი დაუსხა და შემდეგ ხიდან მოწყვიტო.

18155651_10211044450539116_1947435664_n

ზვიად ციკოლია სპორტული ერთადგილიანი თვითმფრინავის წარმოებაზე მუშაობს

შესაძლებელია, რომ ამ თვითმფრინავების ექსპორტიორი გახდეს საქართველო?

შეიძლება კი არა, უნდა გახდეს. ხომ არ სჯეროდათ ქართული სამხედრო წარმოების, ხომ გახდა ექსპორტიორი? მთელი მსოფლიო გახსნილია, რომ ექსპორტზე გავიტანოთ. ჩვენი პოტენციალი ქარველებმა უნდა ვაჩვენოთ, თუ რა შეგვიძლია.

ერთადგილიანი თვითმფრინავის დამზადება დაახლოებით რა ჯდება?

საკმაოდ იაფი იმისთვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ უცხოელებს. ასე გეტყვით, კონკრეტულ რიცხვს არ გეტყვით.

სერიული წარმოების შემტხვევაში შესაძლებელია უფრო ეკონომიური გახდეს მათი შექმნა?

რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეკონომიურიც იქნება. შეგვიძლია, საერთოდ ბევრი სამუშაო ადგილიც შევქმნათ და ქვეყანას სერიოზული სარგებელი, სახელი და წარმატება მოვუტანოთ. იმ რელიეფიდან გამომდინარე, რა რელიეფიც გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი იზრდება, ამ თვითმფრინავებს სერიოზული პოტენციალი აქვს.

დაფინანსებაში კერძო პირები თუ არიან ჩართული?

“თიბისი ბანკია” ჩართული და ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ ამ თვითმფრინავის შექმნას. ბანკი ამას გამოიყენებს სარეკლამო მიზნებისთვის, თვითმფრინავის კორპორატიულ ფერებში შეღებვას ვაპირებთ. ფირუზისფერი იქნება. რაც შეეხება შემდგომ წარმოებას, თუ დაინტერესდებიან, ჩვენ გახსნილები ვართ.

სატესტო გაფრენა როდისაა დაგეგმილი?

ზაფხულისთვის.

ამჟამად რა გამოწვევების წინაშე ხართ, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

ფართი და ფინანსური დახმარება რომ გვქონდეს, უცებ ავაწყობდით და გავმართავდით მცირე სერიულ წარმოებას, ზუსტად ისე, როგორც შეერთებულ შტატებში და წარმატებულ ქვეყნებში კეთდება.

მიგიმართავთ “აწარმოე საქრთველოში” პროექტისთვის დაფინანსების მისაღებად?

მე ბევრჯერ მაქვს მიმართული, ეკონომიკის სამინისტროც საქმის კურსშია, მინისტრმაც იცის, პრემიერ-მინისტრმაც და ნახევარმა მთავრობამ იცის, რომ ეს პროექტი კეთდება.

რა უკუკავშირი მიიღეთ?

რა გითხრათ? ხომ ხედავთ რეალურ პირობებს, სადაც ვმუშობთ. ამიტომაც ვამბობ, თუ, ვთქვათ, ვინმემ არ იცის, მიაწვდინეთ ხმა, რომ ასეთი კარგი წარმოების გაკეთება შეგვიძლია, თუ ჰო-ჰო, თუ არადა, დავიხურავთ ქუდს და წავალთ სხვა ქვეყანაში, დამთავრდება ამით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ. დრო, ენერგია მიდის, ჩვენ აღარ ვართ პატარა ბავშვები, რომ ვიფიქროთ, შემდეგი 40 წელი რამეს მივაღწევთ. გვაქვს პროექტი, პოტენციალი, თუ ვინმეს უნდა ამის გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ, გამოვიყენოთ, თუ არ უნდათ, სხვა საკითხია, მაშინ ავდგებით და ჩვენ მივხედავთ ამას სხვაგვარად. პირდაპირ ვამბობ, ყოველგავრი ტკბილი სიტყვების გარეშე.

18136200_10211044452739171_224482488_n

ზვიად ციკოლია სპორტული ერთადგილიანი თვითმფრინავის წარმოებაზე მუშაობს

მასალების გადაბეჭდვის წესი