ახალი ამბები

სუს-ის უფროსის მოადგილეს პროკურატურაში უჩივლეს

25 აპრილი, 2017 • 4975
სუს-ის უფროსის მოადგილეს პროკურატურაში უჩივლეს

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. პროკურატურაში ჯერ არ აცხადებენ, გამოიძიებენ თუ არა ამ საქმეს, ოფიციალურ განმარტებას არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აკეთებენ.

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის 20 აპრილს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, იოსებ გოგაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე სხვა წევრი თბილისში საცხოვრებელ სახლს არ ფლობს.

იოსებ გოგაშვილის დეკლარაცია

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის 7 ივნისს იოსებ გოგაშვილმა იპოთეკური სესხით თბილისში, ავთო ვარაზის ქუჩა N91-ში 261.00 კვ.მ მიწა შეიძინა, საიდანაც 140 კვ.მ საცხოვრებელი სახლია.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში 9 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთია დარეგისტირებული ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, იოსებ გოგაშვილის ცოლისდაა. ამ მიწების ფართობი, ჯამში, მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება. მარტყოფლიშვილთან ერთად ამ მიწების თანამესაკუთრე მოქალაქე თამთა მიქანაძეა.

იოსებ გოგაშვილის ხოლის დის მიწები

ხათუნა მარტყოფლიშვილის საცხოვრებელ სახლში მისულ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უცნობი მამაკაცი მამად გაეცნო და განუცხადა, რომ ხათუნა მარტყოფლიშვილი მეზობელ სახლში ქირით ცხოვრობს:

“ხათუნა მკერავია, კერძო შეკვეთებზე მუშაობს. ბიზნესი არ აქვს.”

დღეს, 25 აპრილს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იოსებ გოგაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა:

“სახეზეა კლასიკური მაგალითი კორუფციული სქემის. ადამიანი, რომელიც 2013 წელს სოციალურ დახმარებას ღებულობს [საუბარია იოსებ გოგაშვილზე. რედ.], ძალიან დიდი ქონების პატრონი გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა და საჯარო სამსახურში მოხვდა. ასევე, საუბარი შეიძლება იყოს უკანონო გამდიდრებაზე, სხვა კორუფციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული არის. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება უნდა დაიწყოს,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უცნობია, დაიწყებს თუ არა პროკურატურა საქმის გამოძიებას. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ინფორმაციის მისაღებად შესაბამის პირთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სუს-ის პრესსამსახურს, რათა უშუალოდ იოსებ გოგაშვილთან გადაგვემოწმებინა ის ფაქტები, რის გამოც ენმ პროკურატურაში ჩივის. თუმცა სუს-ში ამ დრომდე ვერ მივიღეთ ამ საკითხზე პასუხები.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინსიტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი