Screen Shot 2017-04-25 at 3.16.46 PM

ამერიკული და ჩინური ონლაინ-მარკეტების ორთაბრძოლა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

საქართველოში, ინტერნეტში პოპულარობის თვალსაზრისით ამაზონსა და Ebay-ის ჩინურმა კონკურენტმა Aliexpress-მა გაუსწრო, თუმცა რიცხვები აჩვენებს, რომ ამერიკა ქართველი ონლაინ-შოპინგის მოყვარულებისათვის კვლავაც უმთავრეს ბაზრად რჩება.

ამანათი ჩინეთიდან

მსოფლიოში ვებგვერდების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მთვლელის, Alexa.com-ის მიხედვით, ჩინური ონლაინ-მარკეტი Aliexpress საქართველოში TOP საიტების ჩამონათვალში 21-ე ადგილზეა, Ebay – 29-ზე, ხოლო ამაზონი- 31-ზე. Alexa-ს მონაცემები მოწმობს, რომ გასულ წლებში ამაზონის ვებგვერდმა საქართველოში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. მაგალითად, 2012 წლის მაისში Amazon.Com მე-10 ადგილზე იყო.

Alexa.com მხოლოდ ვებგვერდების შედეგებს ითვლის და მისი მონაცემები არ ეხება (და შესაბამისად არ ითვლება) მობილურ აპლიკაციებს, რომლის მეშვებოთაც სმარტფონის მომხმარებლები სარგებლობენ სხვადასხვა სერვისით, მაგალითად, ონლაინ-შოპინგით. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის Aliexpress ამაზონსა და Ebay-ის Google-ის Play Store-ზეც უსწრებს აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობრივი თვალსაზრისით. Play Store-ზე საქართველოდან Aliexpress-ის აპლიკაცია პოპულარობით 44-ე ადგილზეა, Ebay- 181-ზე, ხოლო ამაზონი 196-ე პოზიციას იკავებს.

თუ ამერიკული ონლაინ-მარკეტები ინტერნეტით ვაჭრობის მოყვარული ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ნაცნობი სივრცეა, ჩინეთი შედარებით ახალი მიმართულებაა:

“ჩინეთის ბაზარი უფრო ახალია… ახლა სწავლობენ, ერთვებიან, ახლა “გაბაზრდა”, ასე რომ ვთქვათ”, – ამბობს კომპანია Amanati.ge-ის დირექტორი გიორგი მანიჟაშვილი, რომლის კომპანიაც ჩინეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებითაა დაკავებული.

Aliexpress-ის მომხარებლები ჩინეთიდან ამანათების გამოწერების ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად ფასებს ასახელებენ. ნეტგაზეთის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკაც მოწმობს, რომ ქართველი მომხარებლები ჩინეთიდან უფრო დაბალი ღირებულების ნივთებს იწერენ, ვიდრე აშშ-დან.

ელენე სახვაძე ამბობს, რომ ჩინეთიდან ნივთებს უკვე ოთხი წელია ყიდულობს, თუმცა ტანსაცმლისა და ტექნიკის გამოწერას ერიდება:

“სულ თავიდან 2 წყვილი კედი გამოვიწერე, ერთი წყვილი ნორმალური ჩამოვიდა, მეორე – ერთი და იმავე ფეხის. ტანსაცმელზე [ზომის ან ხარისხის შეცდომა] მე არ დამმართნია, მაგრამ ბევრჯერ მინახავს, [ინტერნეტში] რომ ფოტოზე სხვა რამ იყო გამოსახული და ჩამოსული – სხვა…

…. მე 1000 სისულელეს ვყიდულობ. პოლაროიდის ფოტოს ჩარჩოები გამოვიწერე ბოლოს, ყურსასმენებიც გამომიწერია, ტელეფონის ბუდეები…”, – ამბობს ელენე.

გიორგი ტოგონიძე, ონლაინ-შოპინგის კიდევ ერთი მოყვარული, ასევე ამბობს, რომ ჩინეთის ბაზრიდან ტანსაცმლის გამოწერას ერიდება.

“ტანსაცმელი რთული ასარჩევია ზომებში, ამიტომ ვერიდები. ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, უფრო წვრილ ტექნიკას და ბიჟუტერიას ვიწერ, საათებს. სამჯერ ტელეფონი გამოვიწერე. [ხარისხი] ყოველთვის ფასის შესაბამისია. ბევრი ფიქრობს, რომ ჩინელები მარტო უხარისხო პროდუქციას აკეთებენ, მაგრამ თავად ვარ მოწმე, ასე არაა”, – ამბობს გიორგი.

რას აკეთებს მომხმარებელი, თუ ჩინეთიდან გამყიდველი დაზიანებულ ნივთს გამოუგზავნის?

“ამანათი არ უნდა გახსნა კამერის გარეშე, მინიმუმ ფოტოები უნდა გადაიღო. თუ ნივთი მართლა დაზიანებულია, ასაჩივრებ და დაზიანების ხარისხის მიხედვით, თანხას სრულად ან ნაწილობრივ გიბრუნებენ. აქ მთავარია, შენი სიმართლე დაამტკიცო, თუ გამყიდველი არ მიიღებს არგუმენტებს, აპელაციით მიმართავ [საიტის] ადმინისტრაციას, რომელიც განიხილავს საკითხს და თუ დამაჯერებელი არგუმენტები გაქვს, აიძულებს გამყიდველს, თანხა უკან დაგიბრუნოს”, – ამბობს გიორგი ტოგონიძე.

“დაზიანებულ ნივთს ფოტოს გადაუღებ და მაშინვე გამყიდველს უგზავნი: გამოასწოროს შეცდომა, ან დაბალ შეფასებას დაუწერ საიტზე. გევედრებიან, ეგ არ გააკეთოო და ზოგი ფულსაც აბრუნებს და ახალ ნივთსაც აგზავნის. ზოგი მხოლოდ ფულს დაგიბრუნებს. ერთხელ საერთოდ არ ჩამოვიდა ამანათი და თანხა დამიბრუნეს. ის კედებიც გამომიგზავნეს ახალი”, – ამბობს ელენე სახვაძე.

ელენე სახვაძეც და გიორგი ტოგონიძეც ჩინეთიდან ამანათების გამოწერისას უფასო ტრანსპორტირების სერვისით (შიპინგი) სარგებლობენ ფოსტის საშუალებით. თუმცა, როგორც ელენე ამბობს, ამ შემთხვევაში გამოწერილი ნივთის თბილისში ჩამოსვლას შესაძლოა 1 თვეზე მეტი დროც დასჭირდეს: “2-3 კვირა კარგი ვადაა”.

“პერიოდს გააჩნია. საახალწლოდ არაფერი უნდა იყიდო, რადგან დიდია დაგვიანების ან დაკარგვის შანსი. საშუალოდ ერთი თვე, თუ გამყიდველი კარგად შეარჩიე, ნაკლებიც. მე 12 დღეშიც ჩამომსვლია ნივთი. ყველაზე კარგი და უსაფრთხო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა”, – ამბობს გიორგი ტოგონიძე.

მომხმარებლებს, რომლებსაც 1-2 თვე მოცდა არ სურთ და ამანათის სწრაფად მიღება უნდათ, გადამზიდავი კომპანიები სთავაზობენ დროში უფრო ნაკლებად გაწერილ სერვისს: ფიზიკური პირებისთვის ერთი კილოგრამის ამანათის ტრანსპორტირება $7.5 ღირს.

341.5 მილიონი ლარის ამანათები 3 წელიწადში

ბოლო 3 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ნეტგაზეთმა შემოსავლების სამსახურისაგან მიიღო, აჩვენებს, რომ 2014-2016 წლებში აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 341 580 145 ლარის ღირებულების საქონელი გამოიწერეს. ის, რომ Aliexpress  ინტერნეტში ამაზონსა და Ebay-ზე პოპულარულია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს რიცხვებზე აისახება. პირიქით, ზემოხსენებული თანხის 90% სწორედ ამერიკიდან გამოწერილ ნივთებზე მოდის, თუმცა აქ საინტერესოა ერთი გარემოება: რაოდენობრივი (ცალობით) თვალსაზრისით ამერიკიდან ამანათების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო ჩინეთიდან ეს დინამიკა ზრდადია.

გიორგი მანიჟაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია დოლარის კურსზე ლარის მიმართ. მისი თქმით, როდესაც ლარი დოლარის მიმართ ძალიან უფასურდება, იმ პერიოდში ამანათების გამოწერების დინამიკა იკლებს ჩინეთიდანაც. მისი თქმით, არის პერიოდები, როდესაც დოლარი VS ლარის გამო გადამზიდავი კომპანიები წაგებაზეც მუშაობენ ხოლმე. თუმცა, როდესაც ლარის კურსი შედარებით მყარდება – ვითარებაც იცვლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com