ახალი ამბები

სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციებისგან სასულიერო პირთა პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს

24 აპრილი, 2017 • 9246
სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციებისგან სასულიერო პირთა პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს

რელიგიის საკითხთა სააგენტო “რელიგიური რუკისთვის” ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიისგან მათი აღმსარებლობის სასულიერო პირთა სრულ სიას ითხოვს, სადაც ამ ადამიანების პერსონალური მონაცემები და ამჟამინდელი მსახურების ადგილი იქნება მითითებული.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის სახელმწიფოს პასუხი “გირჩის” წევრების მიერ დაარსებულ “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიურ თავისუფლებაზე”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლებაში ეხმარება, იურისტები კი აცხადებენ, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა კანონდარღვევაა.

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ სასულიერო პირთა პერსონალურ მონაცემებს რელიგიის საკითხთა სააგენტოს არ გაუგზავნიან, ხოლო მათი ეკლესიის მფლობელობაში არსებული შენობა–ნაგებობები სახელმწიფოსთვის ისედაც ცნობილია. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს სურს გარკვეული ბაზის შემუშავება სასულიერო პირებზე, რუსუდან გოცირიძე რელიგიის სააგენტოს მოთხოვნას ასევე უკავშირებს “გირჩის” წევრების მიერ დაარსებულ ახალი რელიგიური ორგანიზაციის საკითხს.

“სავარაუდოდ, ეს არის პასუხი “გირჩის” ინიციატივაზე, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ახალგაზრდების დახსნას ეხება და არა მარტო ეს. როგორც ჩანს, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე რელიგიების შესახებ და ესეც შეიძლება იყოს იმიტომ, რომ გაჟღერდა გარკვეული მინიშნებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. მსგავსი ინფორმაციების მოთხოვნით რამდენჯერმე მოგვმართა რამდენიმე არასამთავრობომ. მაგალითად, ერთ–ერთ იყო საპატრიარქოს სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაცია – კავშირი “21-ე საუკუნე”. ინფორმაციის მოგროვების მცდელობა რამდენჯერმე იყო, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არასდროს გაგვიგზავნია პერსონალური ინფორმაცია. საქმე ის არ არის, თითქოს რამე გვქონდეს დასამალი – ყველა შენობა–ნაგებობა არის გაფორმებული ეკლესიის სახელზე და ეს ინფორმაცია სახელმწიფოსათვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ღვთისმსახურებს და მათი პირადობის ნომრების გაცემას, ეს არის მათი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ამბავი და, მგონია, არ არის ნორმალური მოვლენა. ვფიქრობთ, რომ არაფერსაც არ გავუგზავნით – კანონი ამას არ გვავალდებულებს,” – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

იურისტების შეფასებით, არანაირი კანონიერი ვალდებულება არსებობს იმისა, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა გასცენ პერსონალური ინფორმაცია. მათი თქმით, პირიქით, ეს არაკანონიერი იქნება მათი მხრიდან. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ მონაცემებს და მისი დამუშავება (მათ შორის მოთხოვნა) აკრძალულია ამავე კანონით, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, რომელსაც, მისი შეფასებით, ახლა ადგილი ნამდვილად ვერ ექნება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სადაც განგვიცხადეს, რომ მათ მოთხოვნაში არაფერია უკანონო. სააგენტოში მათი ხელძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის პასუხს დღის მეორე ნახევარში დაგვპირდნენ, თუმცა წერილის გამოგზავნაზე უარი განგვიცხადეს. რელიგიის საკითხთა სააგენტოს წერილი რუსუდან გოცირიძემ გამოგვიგზავნა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართვა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიას

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართვა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიას

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ანალოგიური წერილი გაუგზავნეს ყველა რელიგიურ კონფესიას, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს სამდივნოში და ქართველ მუსლიმთა კავშირში გვითხრეს, რომ მსგავსი წერილი არ მიუღიათ.

“ქართველ მუსლიმთა კავშირს მსგავსი წერილი არ მიუღია სააგენტოსგან. შესაძლოა, სააგენტო არც კი თვლიდეს ამ ორგანიზაციას რელიგიურ ორგანიზაციად ჩვენი მათდამი სამართლიანი კრიტიკის გამო. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მუსლიმთა სამმართველოს სახლემწიფო ბიუჯეტიდან თანხას უხდიან, ამ სამმართველოს ყველა მოქმედი წინამძღვრის პირადი ინფორმაცია უდევთ მაგიდაზე, ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ დაფინასებისგან ხელფასსაც უხდიან წინამძღვრებს, რასაც, ერთი მხრივ, წინამძღვრებზე დახმარებასაც ეძახიან. ერთი სიტყვით, რელიგიის საკითხთა სახლემწიფო სააგენტოს თავისი სრული კონტროლის მექანიზმი რომ უკვე აქ აქვს სამმართველოზე, შეუიარაღებელი თავლითაც ჩანს. ალბათ, უკვე კონტროლის რიგი სხვა რელიგიურ კონფესიებზე მიდგა, მათ შორის მათზე, ვინც არ ფინასდება სახლემწიფოსგან,” – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე.

“გირჩის” ერთ–ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს წერილი არის პასუხი მათი პოლიტიკური გაერთიანების წევრების მიერ დაარსებულ “ბიბლიურ თავისუფლებაზე”, რადგან ამ რელიგიური ორგანიზაციის სრულ დასახელებაშიც ტერმინები “ევანგელისტური” და “პროტესტანტულია” გამოყენებული:

“რელიგიის სააგენტოს ჩინოვნიკებს ჰგონიათ, რომ ყველა პროტესტანტი და ყველა ევანგელისტი ერთ ეკლესიაშია გაერთიანებული, რომელსაც რუსუდან გოცირიძე წარმოადგენს. ფიქრობენ, რომ თუ მიაწვდიან სიას, მაშინ მარტივად შეძლებენ აკონტროლონ, ვინ უნდა წავიდეს ჯარში და ვინ არა, რაც არის აბსურდი. ეს არ არის ერთი ეპარქია, სადაც ყველა ერთმანეთს ემორჩილება – პროტესტანტული ეკლესიის პრინციპია. აქ არის მრავალმხრივი განშტოებები, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობენ. ასე ხდება მთელ მსოფლიოში. რელიგიის საკითხთა სააგენტო რატომ უნდა არსებობდეს, სრულად გაუგებარია, მაგრამ თუ არსებობს, უნდა გაერკვეს რელიგიათა რაობაში; უნდა გაერკვეს რელიგიურ მიმდინარეობებში და არ უნდა თქვას ასეთი სისულელე, თუ ამის გაკეთებას აპირებს.”

იმ შემთხვევაში, თუ “ბიბლიური თავისუფლება” არაფერ შუაშია და რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლა სხვა მიზნებისთვის აგროვებს მღვდელმსახურთა შესახებ ინფორმაციებს, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არის კანონდარღვევა.

“ეს არის განსაკუთრებული სახის ინფორმაცია და პირადი მონაცემები, რომლის შეგროვებაც ქართული კანონმდებლობით არის დაუშვებელი. ამის შემგროვებელი ადამიანი ისჯება სისხლის სამართლის წესით. აქედან გამომდინარე, ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავში მოსდის აზრად მორწმუნე მღვდელმსახურთა რეესტრის კეთება – ეს არ არის სწორი, ეს არის კანონდარღვევა და ეს ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს; არ მოსულა არავინ ეკლესიიდან, მინისტრების ცოდვები არ დაუთვლია და ამის მიხედვით არ გაიზრდებოდა ცოდვილი მინისტრების სია. იმიტომ კი არა, რომ ცოდვა არ აქვთ მინისტრებს და უცოდველი ხალხია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სეკულარიზმის პრინციპი – საეკლესიო და საერო საქმიანობა ერთმანეთში არ ერევა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ადგას ძალიან ცუდ გზას და ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ამ გზაზე ფეხი არ დაუცდეთ,” – ამბობს იაგო ხვიჩია.

კითხვაზე, რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვებს რელიგიის საკითხთა სააგენტო “ბიბლიურ საქართველოში” დარეგისტრირებულ მღვდელმსახურთა სიას, “გირჩის” წევრი გვპასუხობს:

“აქ არის საუბარი იმაზე, რომ ახალი ადამიანები, ვინც ამ სიაში არ იქნება, არ გაითვალისწინონ, როგორც მღვდელმსახურები, და წაიყვანონ ჯარში. ეს არასწორია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს შეიძლება ერთი მღვდელმსახური იყოს, ხვალ კი მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. თან “ბიბლიური თავისუფლება” არის ახალი რელიგიური ორგანიზაცია და სწორედ ახლა მიმდინარეობს ბევრი მღვდელმსახურის კურთხევა, რომ გავრცელდეს ჩვენი მიზნები – ეს არის მეტი თავისუფლება და მეტი სიყვარული.”

შეგახსენებთ, რომ “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ისინი იძულებული არიან, უმაღლეს სასწავლებელში საგნები დაიტოვონ, ან რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას შეაფარონ თავი –  აქამდე ახალგაზრდები ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიაში მიდიოდნენ, ხოლო ახლა უკვე შეუძლიათ “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასაც შეუერთდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი