ახალი ამბები

ოზურგეთში ძლიერი ქარის გამო დაიღუპა მოქალაქე, დაზიანებულია 100-ზე მეტი სახლი

24 აპრილი, 2017 • 3264
ოზურგეთში ძლიერი ქარის გამო დაიღუპა მოქალაქე, დაზიანებულია 100-ზე მეტი სახლი

ქალაქ ოზურგეთის მერიის ცნობით, 23 აპრილს, ძლიერი ქარის გამო გარდაიცვალა მოქალაქე, ხოლო ორი პირი მოტეხილობებით საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო  დაზიანებულია შენობები და ავტომობილები.

“გრიბოედოვის ქუჩაზე სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, ხოლო მძიმე მოტეხილობებით კლინიკაშია მოთავსებული ორი მოქალაქე. გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები. ქალაქის მერიაში შეიქმნა საგანგებო შტაბი და ზარალის დათვლა მიმდინარეობს,”- აცხადებს ოზურგეთის მერია.

შსს-ს ცნობით, მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებენ, რაც თვიმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო ასზე მეტი სახლი არის დაზიანებული, მათ შორის, სკოლებიც – ამის შესახებ ნეტგაზეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ განუცხადა.

“დაახლოებით, 100-ზე მეტ სახლს აქვს სახურავი გადახდილი, ამაში შედის რამდენიმე სკოლა და ბაღიც,”- განგვიცხადა ოზირგეთის მერმა მერაბ ჭანუყვაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი