ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვევა

21 აპრილი, 2017 • 1800
პრემიერ-მინისტრი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვევა

პრემიერ-მინისტრი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.

ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან, ასევე, ორმხრივი შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირისთან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

მთავრობის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. მათ შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე – ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

ასევე წაიკითხეთ: →ირანელმა მინისტრმა კვირიკაშვილთან ჰიჯაბის მატარებელი ტურისტების შემოწმების საკითხი წამოწია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი