ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, გამოძიებას გელა ხვედელიძის ცემის საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვს

21 აპრილი, 2017 • 2346
ადვოკატის თქმით, გამოძიებას გელა ხვედელიძის ცემის საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის,  გელა ხვედელიძის ადვოკატი, ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ ამ დრომდე, ხვედელიძის ცემის საქმეში პოლიციას პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვს, რაც უჩენს ეჭვს, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ადვოკატმა გამოძიებას კამერების ჩანაწერების ამოღების შუამდგომლობით მიმართა.

გელა ხვედელიძეს თავს საკუთარ სახლთან 2 აპრილს დაესხნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“დღეს დილით ვიყავი პოლიციის განყოფილებაში და გავეცანი სისხლის სამართლის საქმეს. ტომი შეკრულია და დაახლოეით არის 200 ფურცელი, შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ არის საქმეში. ყველა მტკიცებულება არის ირიბი. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება არის ძალიან ტენდენციური. მგონი, არ უნდათ, გამოძიება რომ ჩატარდეს და დამნაშავეები მოიძებნონ და როგორც ბრალდებულები, ისე დაიკითხონ,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, გამოძიებას საქმეში კამერების ჩანაწერები არ აქვს და სწორედ ამიტომ მიმართეს შუამდგომლობით:

“ერთ-ერთი მოწმე, რომელიც თარხნიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც აღნიშული ფაქტი მოხდა, ამბობს, რომ მან ფანჯრიდან დაინახა ორი ადამიანი, რომლებიც ბარნოვის ქუჩისკენ გარბოდნენ. ბარნოვის ქუჩაზე არის ძალიან ბევრი კამერა, რომელიც პოლიციის მიერ არ არის ამოღებული  და დათვალიერებული,”- განაცხადა მან.

ადვოკატის ინფორმაციითვე, გამოძიებას არც ერთი ბრალდებული არ ჰყავს გამოკვეთილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო დააკავეს. 2014 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი