ახალი ამბები

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

21 აპრილი, 2017 • 2128
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და   სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პირს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით, ორი პირის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის მიმართ, დიდი ოდენობით ნივთის ქურდობის მცდელობა და ქონების დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.

“ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 30-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი 21 ტომად წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი – დანა, რომელზეც ბრალდებულის და მოკლული დედა-შვილის დნმ აღმოჩნდა, ასევე მოკლულის საცხოვრებელი ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში  მოკლულს და მის სამი წლის შვილს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ  ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები აიღო, კვალის განადგურების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი 2016 წლის 26 ივლისს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი