ახალი ამბები

ომბუდსმენი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს აკრიტიკებს

21 აპრილი, 2017 • 1771
ომბუდსმენი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს აკრიტიკებს

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი შეაფასა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პოზიტიურად აფასებს ინტერნეტთავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, თუმცა, ამასთანავე, ნეგატიურ შეფასებას აკეთებს მთელ რიგ ცვლილებებზე.

კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატი წუხილს გამოთქვამს, რომ კომისიამ ომბუდსმენის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ გაიზიარა. მათ შორის, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი. ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიების და პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი:

“საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა უკვე გასულია. აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. მართლმსაჯულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გადასინჯვის მექანიზმის აუცილებლობაზე არაერთხელ გაკეთებულა განცხადება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შესაბამისად, საზოგადოებაში ჯერკიდევ არსებობს მსგავსი მექანიზმის შექმნის მოლოდინი,” – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის მეორე ვადით არჩევის გაუქმების შესახებაც ისაუბრა. ნანუაშვილისთვის გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა მაშინ, როცა აპარატის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა ერთი და იმავე პირის სახალხო დამცველად არჩევის პრეცედენტი:

“ევროპის უმეტეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო იქ, სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით. ამასთან, გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი, ერთსა და იმავე პირს ხელმეორედ დაეკავებინოს ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ გამოთქმულა საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა ამ შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობას,” – ამბობს ომბუდსმენი.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, იგეგმება ტექნიკური ცვლილებაც. კერძოდ, სიტყვა სახალხო დამცველი უნდა ჩანაცვლდეს ომბუდსმენით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის მსგავსი ცვლილების განხორციელება. მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვს ქვეყანაში არის ტენდენცია ომბუდსმენის გენდერულად უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლების. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, უცხოური ტერმინის შემოღება არაა სახელმწიფო ენის პატივისცემის გამოხატულება. გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილის თქმით, მსგავსი ცვლილება არ ყოფილა შეთანხმებული სახალხო დამცველის აპარატთან და მათთვის გაუგებარია თავად ცვლილების აუცილებლობა –  მით უფრო იმ ფონზე, რომ ეს გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს და სხვა ტიპის პრობლემებს სახალხო დამცველის აპარატისთვის:

“სახალხო დაცველმა კომისიის წინაშე ასევე დააყენა ინსტიტუტის საბიუჯეტო გარანტიების საკითხი, რაც გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით. მსგავსი ნორმა არსებობს ასევე სასამართლოებთან და პარლამენტთან მიმართებით. სამწუხაროდ, ეს ცვლილება ასევე არ აისახა კონსტიტუციის გადახედვის პროექტში,” – თქვა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის აპარატი ნეგატიურად აფასებს კომისიის მუშაობის რეჟიმსაც, რადგან მათი შეფასებით, ის არ იძლევა პროცესში სრული მონაწილეობის შესაძლებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრების წარდგენისა და პოზიციის დაფიქსირებისთვის ადეკვატური დრო და შესაძლებლობა. ამასთან, ნანუაშვილის თქმით, ბუნდოვანია თავად გადაწყვეტილების მიღების წესიც:

“არსებული შეთანხმების მიხედვით, გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსი არ შემდგარა. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში,” – თქვა სახალხო დამცველმა.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავეულ კონსტიტუციის გადასინჯვის სამუშაო ვერსიას არ იზიარებენ პოოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათმა უმეტესობამ საკონსტიტუციო კომისია ბოიკოტის ნიშნად დატოვა.

ძირითადი უთანხმოება, რაც ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით აქვს, არის მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული სარჩევნო მოდელი, რომლის თანახმადაც, იკრძალება ბლოკები, 5%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება და ყველა გაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს.  გარდა ამისა, პარტიები არ ეთანხმებიან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევვის წესს და მისი უფლებამოსილებების შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი