ახალი ამბები

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე კანონი დაამტკიცა

21 აპრილი, 2017 • 7069
პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე კანონი დაამტკიცა

დღეს, 21 აპრილს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა მართვის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განამრტებით, კანონი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

პარლამენტმა “საგზაო მოძრაობის” შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

“კანონი ძალაში შევა 1 ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. დავიწყეთ უკვე მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის.  ამოქმედებამდე მოქალაქეებს სწორად განვუმარტავთ,  როგორი იქნება ახალი წესები  და  როგორ აღსრულდება ისინი, სწორედ ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს, თუ როგორ უნდა შეამოწმონ, რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება,”- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცვლილებების თანახმად, შემოდის მართვის 100-ქულიანი სისტემა. ეს ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ამასთან, ახალი ცვლილებების მიხედვით, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა. კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა ამოქმედდება უკვე 2017 წლის 1 ივნისიდან.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება, გამოცდა ხელახლა ჩააბაროს, ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

ამავე თემაზე: რომელი დარღვევისთვის რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი