ახალი ამბები

არასამთავრობოები საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას აგრძელებენ

21 აპრილი, 2017 • 1445
არასამთავრობოები საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას აგრძელებენ

იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ ოპოზიციური პარტიები იმ ცვლილებების პროექტის გამო, რაც “ოცნებამ” წარმოადგინა, არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ კომისიაში მუშაობას.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა, შემაჯამებელ სხდომას კვირის ბოლოს გამართავს. კომისიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაჯამეს ამ დროისათვის შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მათი შეფასებით, პოზიტიურია შემდეგი სახის ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს:

  • გაჩნდა ჩანაწერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სრტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ორგანოები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ ვალდებულებას, გაატარონ ყველა საჭირო ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
  • განხორციელდა რიგი უფლებრივი გარანტიების განმტკიცება და გაუმჯობესებაგანსაკუთრებით აღსანიშნავია ჩანაწერი არსებითი თანასწორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს განსაკუთრებული ზომების გატარება მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად; ასევე კონსტიტუციაში გაჩნდა უფლება ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე.
  • გაიზარდა/გაჩნდა რიგი ინსტიტუტების კონსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები, როგორიცაა:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისგან და მისი თავისუფლება პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენებისგან.

ბ) პროკურატურა პროკურატურა განისაზღვრა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანო.

გ) სასამართლო ხელისუფლება განისაზღვრა, რომ მოსამართლე შეირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადწყვეტილებით, ღია კენჭისყრით, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით.

დ) დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ფუნდამენტური მიმრთულებასასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა და დაკონკრეტდა, რომ მისი საქმიანობის წესი დგინდება ორგანული კანონით.

  • შედარებით გაძლიერდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, კერძოდ:

საგამოძიებო კომისია მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, დადგინდა საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო დაბალი ქვორუმი, კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.

არასამთავრობოები გამოყოფენ იმ ცვლილებების პროექტს, რომლებიც მათი შეფასებით “უაღრესად ნეგატიურია”:

  • პარლამენტის არჩევის კვლავაც არასამართლიანი წესი, კერძოდ:

ა) მანდატების განაწილების წესიკონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით შემოთავაზებულია გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭება. იმ პირობებში, როდესაც შეიძლება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 10%-ს ან მეტს შეადგენდეს, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. აღნიშნული მიდგომა კი დიდწილად დააკნინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანს და ეჭვქვეშ დააყენებს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს. მიგვაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

ბ) ბლოკების გაუქმებამომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს  რადიკალურ ზომას და არ არის გამართლებული ლეგიტიმური ინტერესით.

გ) აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფითია იმ პირობებში, თუ 5%-იანი ბარიები შენარჩუნდება.

  • პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაშემოთავაზებული ვერსიით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა. საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას.
  • ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი უკან გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩანაწერი ქორწინების უფლებაზეშემოთავაზებული ვერსიის თანახმად, ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით არ არის დაშვებული, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასოდეს დამდგარა, მსგავსი ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოპულისტური დატვირთვის მატარებლად, რომელიც ამ თემის ხელოვნურად გააქტიურებით პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად.
  • სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის რისკების მნიშვნელოვნად გაზრდა, კერძოდ:

ა) უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაშემოთავაზებული ვერსიის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. საბჭოს მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის მრავალწლიანი მანკიერი პრაქტიკის, საბჭოს დაკომპლექტების ხარვეზიანი წესის და სხვა არაერთი პრობლემის გათვალისწინებით, რაც ამ ინსტიტუციას ახასიათებს, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოცემული უფლებამოსილების საბჭოსთვის გადაცემა სასამართლო კორპუსის დაკომპლექტებაზე სრულ ძალაუფლებას მიანიჭებს ამ ორგანოს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და სისტემის გათავისუფლებას ძლიერი ჯგუფების გავლენებისაგან.

ბ) მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადაკონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის თანახმად, შენარჩუნებულია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის.

“ზემოთ დასახელებული საკითხების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას და სამომავლო დახვეწას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საერთაშორისო სტანდარტებსა და დემოკრaტიის პრინციპებთან თანხვედრაში მყოფი კონსტიტუციის მიღება.

ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე ჩვენ დავაყენებთ ალტერნატიულ წინადადებებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე და საპარლამენტო განხილვებისას შეიცვლება ზემოაღნიშნული მანკიერი დებულებები და შენარჩუნებული იქნება ყველა გაუმჯობესება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული არიან შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ISFED, ღია საზოგადოება − საქართველო, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, მრავალეროვანი საქართველო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი