ახალი ამბები

ანტიდისკრიმინაციული კანონის და მისი აღსრულების ხარვეზები – არასამთავრობოების შეფასება

21 აპრილი, 2017 • 3920
ანტიდისკრიმინაციული კანონის და მისი აღსრულების ხარვეზები – არასამთავრობოების შეფასება

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი ხედვის არარსებობა, ხარვეზები კანონმდებლობასა და სასამართლოს პრაქტიკაში, – ასე აფასებენ ადამიანის უფლებების დამცველები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუშაობას.

ამ დასკვნამდე მივიდა “კოალიცია თანასწორობისთვის” 2016 წლის საქმიანობის შეფასების შედეგად. დღეს, 21 აპრილს, კოალიციამ საზოგადოებას გააცნო მუშაობის შედეგები, რომელიც 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ჩაატარა. კოალიციამ ის საქმეები განიხილა, რომლებშიც მოქალაქეები მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას აპროტესტებენ.

ამ პერიოდის განმავლობაში კოალიციამ აწარმოა 24 საქმე, რომელიც საქართველოს სასამართლოებში შევიდა, ხოლო 13 საქმე – საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში.

სასამართლოში შეტანილი საქმეებიდან 14-ზე მიმდინარეობს განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამზე მიმდინარეობს განხილვა სააპელაციო სასამართლოში, 2 საქმეზე – უზენაეს სასამართლოში, 3 საქმეზე- საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო 2 საქმეზე დადგინდა დისკრიმინაცია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

"კოალიცია თანასწორობისთვის" მუშაობის შეფასება

“კოალიცია თანასწორობისთვის” მუშაობის შეფასება

რაც შეეხება სახალხო დამცველის ოფისს, მან ამ პერიოდში 7 რეკომენდაცია და ზოგადი მიმართვა გამოსცა, 2 საქმის შემთხვევაში სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს საქმის წარმოება, 4 შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველმა შეწყვიტა საქმის წარმოება.

ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ამბობს, რომ კარგია, ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა რომ მიიღეს, თუმცა რჩება ხარვეზები.

“ცხადია, ვხედავთ ამ სისტემის დადებით მხარეებს და მიგვაჩნია, რომ მექანიზმის შემუშავება უდავოდ კარგი მოვლენაა. ამის მიუხედავად, პრაქტიკა გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობს,”- განცხადა ანა აბაშიძემ.

ანა აბაშიძე, სხვა უფლებადამცველების მსგავსად, ამბობს, რომ ძალიან მცირეა სასამართლოსადმი მიმართვის ხანდაზმულობის ვადად სამი თვის განსაზღვრა, ზოგ შემთხვევაში მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეუძლია გასაჩივრება.

მას იმედი აქვს, რომ ამ მიმართვის ადრესატები, პარლამენტი თუ სხვა უწყებები, მათ ინიციატივებს გაითვალისწინებენ.

ბაია პატარაია, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხანდაზმულობის ვადა სულ მცირე ერთი წელი მაინც უნდა იყოს. მისი თქმით, კანონში დისკრიმინაციის განსაზღვრებას ასევე უნდა დაემატოს სექსუალური შევიწროებაც.

ბაია პატარაიას განცხადებით, საკანონმდებლო ხარვეზების გარდა, ასევე პრობლემებია კანონის აღსრულებაში – სასამართლო რამდენიმე მუხლის ინტერპრეტირებას არასწორად ახდენს.

“არ ხდება მტკიცების ტვირთის გადანაწილება, როგორც მოსარჩელეზე, ისე დაცვის მხარეზე. მხოლოდ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცება, რომ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ეს ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისი არ არის, თუმცა სასამართლო ყველა შემთხვევაში ამას სწორად არ განმარტავს”, – ამბობს პატარაია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე კი ყურადღებას ამახვილებს იმ გაქტზე, რომ სახალხო დამცველის ოფისის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტის, მანდატი სუსტია. მას არ შეუძლია დაავალდებულოს კერძო პირები ინფორმაციის მიღებისგან.

თანასწორობამიქელაძის რეკომენდაციები შეეხება არა მარტო სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებას, არამედ იმას, რომ შსს-ს არ გააჩნია სტრატეგია, როგორ უნდა ებრძოლოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულობებს, არ აკეთებს დანაშაულობების ანალიტიკურ შეფასებას.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კოალიცია მუშაობს და ამზადებს განცხადებას, რომლითაც მიმართავს ვენეციის კომისიასაც, არის ქორწინების თანასწორობის საკითხი.

“პოლიტიკური ჰომოფობიის წყალობით, კონსტიტუციაში ჰეტერონორმატიული შინაარსი იწერება, რაც მთლიანად გამორიცხავს ერთი და იმავე სქესის პირებისთვის ქორწინებას. ჩვენ ვასაბუთებთ, რატომ არის ეს უფლებრივი თანასწორობის მდგომარეობის გაუარესება ზოგადად და იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს ერთი და იმავე სქესის წყვილების პარტნიორული ურთიერთობების სამართლებრივი ჩარჩო”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

კოალიციის ანგარიშის მიხედვით, საქმეები, რომლებიც აწარმოეს საანგარიშო პერიოდში, შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების, რასისა და კანის ფერის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ქონებრივი მდგომარეობის, რელიგიური და გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის საქმეებს.

ქეთი ხუციშვილი, “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2014 წელს შეიქმნა კოალიცია, მაშინ, როდესაც იღებდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას. კოალიციის მუშაობა და ამ ანგარიშის მომზადებაც მიზნად ისახავს არსებული პრობლემების გამოაშკარავებას.

“სერიოზული პრობლემებია დარჩენილი, სერიოზული პრობლემებია იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით საქართველოს კიდევ მრავალი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

კოალიცია, რომელიც “ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელშეწყობით შეიქმნა, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის არაფორმალური გაერთიანებაა. ეს ორგანიზაციებია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “იდენტობა”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, კავშირი “საფარი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.


ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო 121 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. კანონის წინააღმდეგ გამოდის საქრთველოს მართლმადიდებელი ეკლესია და კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი