ახალი ამბები

უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს

21 აპრილი, 2017 • 1883
უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნევს  პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემის საკითხის შესახებ პლებისციტის ჩატარებას.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” ამ ინიციატივას დადებითად ვერ უპასუხებენ:

“კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ოქროს წესი, თუ რალური და  კარგი კონსტიტუციის მიღება გვინდა. ამ განცხადების ავტორები ვერ ერკვევიან საერთო-სახალხო განხილვის არსში. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივაზე ჩვენი პასუხი დადებითი ვერ იქნება,” – ამბობს მდინარაძე.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, კაკი ზოიძის განცხადებით,  ეს ის თემებია, რომელთა თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე:

“არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს ამ საკითხზე. პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. კითხვის ფორმულირება როგორი იქნება? –  ხალხო, გართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას და რას ფიქრობთ ამაზეო? – გეტყვიან არას. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება თუ არაპირიდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ, ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემები.”

დღეს, 21 აპრილს “ევრპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გაახმიანა ინიციატივა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების ორ საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს. ეს საკითხებია  პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის საკითხი.

“ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ქართველი ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, პირობას ვდებ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მე მას დავემორჩილები და ვაღიარებ”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც აქვს დისკრეცია, დანიშნოს პლებისციტი, მოუწოდა, არ წაართვას ხალხს არჩევანის უფლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. რაც იმას ნიშანვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყველა სხვა საპარლამენტო ძალის მხარდაჭერის პირობებშიც კი კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანს, რადგან ამისთვის საჭირო 113 ხმა არ გააჩნია.

საკონსტიტიციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა გაუქმდეს. წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი