ახალი ამბები

კვირიკაშვილი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არჩევნებით რუსეთი ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს

21 აპრილი, 2017 • 1370
კვირიკაშვილი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არჩევნებით რუსეთი ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ  ვიქტორ ორბანთან საუბრის დროს “სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას”.

“ხაზი გავუსვით 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების, ასევე, რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო, 2017 წლის 9 აპრილს კი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და “სამხრეთ ოსეთისთვის” სახელის გადარქმევის  საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების არსებობას, არ აღიარებს, შესაბამისად, არ სცნობს აღნიშნულ ტერიტორიებზე გამართულ არჩევნებს. ორივე დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი