ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების 2 საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

21 აპრილი, 2017 • 1772
“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების 2 საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ორ საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ბაქრაძის განცხდებით, პრეზიდენტის არჩევის წესის და საარჩევნო სისტემის საკითხის შესახებ პლებისციტი უნდა ჩატარდეს, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს თავის აზრს:

“ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ქართველი ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, პირობას ვდებ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მე მას დავემორჩილები და ვაღიარებ”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს, 21 აპრილს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც აქვს დისკრეცია დანიშნოს პლებისციტი, მოუწოდა, არ წაართვას ხალხს არჩევანის უფლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ხოლო გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნება. 

საკონსტიტიციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა გაუქმდეს. წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი. აქედან 150 ხმოსანი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, 13-13 ხმოსანი აირჩევა აფხაზეთის და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან; 34 ხმოსანს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თბილისის თვითმმართველობა, ხოლო 90 ხმოსანს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ირჩევენ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა კონფერენციები.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი