ქუჩის სტილი დღეს ყველაზე გამოკვეთილი ტენდენციაა – ინტერვიუ მოდის იტალიელ კრიტიკოსთან

როგორ განვითარდა მოდის ინდუსტრია და რა უნდა იცოდნენ მოდის მოყვარულებმა თანამედროვე ტენდენციების შესახებ? მოდის კრიტიკოსი, იტალიის ერთ-ერთი პოპულარული მოდის სასწავლებლის, მარაგონის ინსტიტუტის ლექტორი დანიელ დორაცი ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში ინდივიდუალიზმზე მოთხოვნა გაიზარდა. ვრცლად მოდის ახალ გამოწვევებზე დორაცის თბილისის მოდის კვირეულზე ვესაუბრეთ.

რა მიმართულებით განვითარდა თანამედროვე მოდის ინდუსტრია? რა არის ყველაზე აღსანიშნავი დღეს მოდის სამყაროში?

მოდის ინდუსტრია, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვითარდება. დღეს ყველაზე აღსანიშნავი ის ფაქტია, რომ თანამედროვე მოდის ინდუსტრია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და უფრო მეტად ამჩნევს ადგილობრივი, ლოკალური იდენტობების წარმოჩენას. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მდიდარი კულტურის მატარებელ ქვეყნებს, მაგალითად, საქართველოს. თუ შევხედავთ ქართველი დიზაინერების საქმიანობას, განსაკუთრებით დემნა გვასალიას, ლოკალური ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ და როგორ ქმნიან დიზაინერები. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, უფრო დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს მიმართ. დღეს მარიამ გვასალიას კოლექციაშიც იგრძნობოდა ინდივიდუალური, ქვეყნისათვის დამახასიათებელი “ნაპერწკლები”, რაც ძალიან მომეწონა.

საქართველო სწორედ ახლა ცდილობს აღმოაჩინოს თავისი ადგილობრივი შტრიხები. თუ ასე გაგრძელდა, როგორც ახლა მუშაობენ ქართველი დიზაინერები, მსოფლიო მოდაში აუცილებლად გაჩნდება საქართველოს შტრიხი, რაც გამოარჩევს მას დანარჩენებისგან. ეს არის თანამედროვე მოდა – ის დაკავებულია რეგიონული იდენტობების აღმოჩენით.

რას იტყვით ტენდენციებზე? რა არის დღეს მოდის ყველაზე გამოკვეთილი ტენდენცია და რა უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, ვისაც სურს, რომ არ ჩამორჩეს თანამედროვე მოდის განვითარების პროცესს?

მე ლონდონში ვცხოვრობ და შემიძლია გითხრათ, რას ფიქრობენ ამ ქალაქში მოდის ახალ ტენდენციებზე – ხალხი იცვამს ისე, როგორც მათთვის უფრო კომფორტულია. ზოგადად, დღეს აღარ იცვამენ იმისათვის, რომ ვინმე გააოცონ. თანამედროვე მოდა ამბობს: გადახედე, რა არის შენს კარადაში, შეუხამე ერთმანეთს, ჩაიცვი და იყავი განსხვავებული. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მეტად უხამებენ ერთმანეთს ყოველდღიურ სპორტულ ტანსაცმელსა და სპორტული ხაზი გასდევს ძირითადად “ლუქებს”. დედაჩემს თუ ჰკითხავთ, ამ ადამიანებს უგემოვნოდ აცვიათ – მისთვის ეს ნაგავია. მისთვის ასე, ალბათ, მოუწესრიგებელი და დაუდევარი ადამიანები იცვამენ. მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდისთვის ეს მაგარია. ამიტომ ქუჩის სტილი დღეს ყველაზე გამოკვეთილი ტენდენციაა და დიდი ბრენდები, მაგალითად, “ადიდასი”, ამას ძალიან სწორად იყენებენ. ისინი თანამშრომლობენ რაფ საიმონსთან (ის მუშაობს კრისტიან დიორის სახლისათვის) და მსგავს დიზაინერებთან.

მოდის კრიტიკოსი, მარაგონის ინსტიტუტის ლექტორი დანიელ დორაცი 20.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მოდის კრიტიკოსი, მარაგონის ინსტიტუტის ლექტორი დანიელ დორაცი 20.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მოკლედ, შეგვიძლია ვქვათ, რომ დღეს მოდის მთავარი ტენდენცია გვეუბნება, რომ ჩავიცვათ ის, რაც გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, შევინარჩუნოთ სტილის გრძნობა?

მარტივია – ფეხბურთის მატჩზე მიდიხარ თუ ფორმალურ შეხვედრაზე, ჩაიცვი შესაფერისად. ახლა 10-ლარიანი მაისური მაცვია, სუვენირების მაღაზიიდან, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. შენი სტილის აღმოჩენა და ინდივიდუალური ხედვის შექმნა დღეს ყველაზე მოდურია. როგორც აღვნიშნე, ქუჩის სტილი სწორედ იმიტომ მკვიდრდება. დღეს Supreme-ის მაღაზიასთან გრძელი რიგებია. ამ ადამიანებს უნდათ შეიძინონ ეს სპორტული სტილის ტანსაცმელი და მისცენ მას უნიკალური შინაარსი – ისინი მას ჩაიცვამენ ისე, როგორც მათ მოეწონებათ, შექმნიან ინდივიდუალურ სტილს, იმის მიუხედავად, რომ იმავე სვიტრს ბევრი სხვაც იყიდის. დეტალები გამოხატავს სტილს საუკეთესოდ.

ბოლოს რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, ვისაც სურს დღეს მოდურად ეცვას?

იყავით ისეთი, როგორიც ხართ და ჩაიცვით ის, რაც ყველაზე კომფორტულია თქვენთვის. სწორედ ამ დროს გამოიყურებით საუკეთესოდ. იპოვეთ ერთი დეტალი, რაც გამოგარჩევთ. რაღაც ფერი ან ფორმა ყოველთვის იქნება მოდური, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად თქვენთვისაა განკუთვნილი. ამიტომ თანამედროვე მოდა აღარ ცდილობს შეზღუდოს ადამიანი. მხოლოდ იმიტომ, რომ ის კაბა სხვას უხდება, არ ნიშნავს, რომ თქვენც გაგაბედნიერებთ. როდესაც ჩაიცვამ ტანსაცმელს, რომელიც შენს ინტერესებს გამოხატავს, მე ყოველთვის ვიგრძნობ ამას, რადგან შენ მას ატარებ თავისუფლად.

თბილისის მოდის კვირეული 21.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი