ახალი ამბები

ორბანი საქართველოშია – მისი პოლიტიკის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა აქციები დაგეგმეს

20 აპრილი, 2017 • 2480
ორბანი საქართველოშია – მისი პოლიტიკის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა აქციები დაგეგმეს

დღეს, 20 აპრილს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. მას აეროპორტში ვიცეპრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

ორბანს ხვალ, 21 აპრილს საპროტესტო აქციით დახვდებიან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის გამო CEU-ს დახურვა ემუქრება. “მისი პირადი სურვილი და ახირებაა CEU-ს დახურვა და უნგრეთიდან გაძევება,”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო აქცია “ქორთიარდ მერიოტთან” 12:00 საათზეა დაგეგმილი.

სწორედ ამავე დროს, “ქორთიარდ მერიოტის” მახლობლად, პუშკინის სკვერში დაიგეგმა კონტრაქცია, რომელსაც, როგორც “ფეისბუკზე” დაგეგმილი ღონისძიებიდან ირკვევა, ორბანის მომხრეები ჩაატარებენ. “მოვაწყოთ კონტრაქცია უნგრეთის სახელმწიფოს ეროვნული, ანტილიბერალური პოლიტიკის მხარდასაჭერად!”- აცხადებენ კონტრაქციის ორგანიზატორები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთისა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ ისაუბრა:

“უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს, განსაკუთრებით- ეკონომიკური მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ქართული და უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ თანამშრომლობას ვაღრმავებთ ყველა მიმართულებით და ამ პერსპექტივებს განვიხილავთ როგორც ჩემს კოლეგასთან, ასევე, დელეგაციის სხვა წევრებთან,”- განაცხადა ჯანელიძემ.

ვიქტორ ორბანის დელეგაციის დახვედრის ცერემონია. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო. 20.04.2017 ვიქტორ ორბანის დელეგაციის დახვედრის ცერემონია. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო. 20.04.2017 ვიქტორ ორბანის დელეგაციის დახვედრის ცერემონია. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო. 20.04.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი