ახალი ამბები

წინასაარჩევნო აგიტაციაში სააკაშვილის ჩართვის “დაშვების” შემთხვევაში ენმ შესაძლოა დაჯარიმდეს

20 აპრილი, 2017 • 6869
წინასაარჩევნო აგიტაციაში სააკაშვილის  ჩართვის “დაშვების” შემთხვევაში ენმ შესაძლოა დაჯარიმდეს

თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნო კამპანიაში “დაუშვებს” ისეთი პირის ჩართვას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, შესაძლოა პოლიტიკური პარტია დაჯარიმდეს. ამ ცვლილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს.

[red_box]ენმ და 2000-ლარიანი ჯარიმა[/red_box]

ცესკოს მიერ მომზადებული კანონპროექტით საარჩევნო კოდექსს უნდა დაემატოს შემდეგი ტიპის ჩანაწერი:

ორგანიზატორის მიერ ამ კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში დაკონკრეტებული არ არის, თუ რა მაგალითების გამო გახდა ეს ცვლილება აუცილებელი. ამის შესახებ არც ცესკოში საუბრობენ, თუმცა ზემოთ აღწერილი ძალიან ჰგავს ვითარებას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი, როდესაც, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეობის და, შესაბამისად, აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არმქონე მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ღონისძიებებზე ვიდეო-კონფერენციებით ერთვებოდა ხოლმე და აუდტორიასაც მიმართავდა.

სააკაშვილის ასეთი აქტივობის თაობაზე წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით მაშინ ცესკოს არასამთავრობოებმაც მიმართეს, თუმცა, მაგალითად, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ იმდენად, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იმყოფებოდაა საქართველოს ტერიტორიაზე, მისი დაჯარიმება ვერ მოხერხდებოდა.

“ეს ცვლილება იმით არის გამოწვეული, რომ ნორმათა შეუთავსებლობა იყო სხვადასხვა კანონმდებლობაში: საარჩევნო კოდექსში, ადმინისტრაციულ კოდექსში… ეს ყველაფერი დეტალურად გაწერილი არ  იყო. არსებობდა სამართალდარღვევა, მაგრამ დაჯარიმება, როგორც ასეთი, ვერ ხორციელდებოდა, ვინაიდან შესაბამის პირზე სანქცია ვერ ვრცელდებოდა. ამიტომაც [გვსურს] სუბიექტის შეცვლა, ანუ შესაძლოა სანქცია გამოყენებული იყოს უშუალოდ ორგანიზატორის მიმართ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დღეს, 20 აპრილს ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე.

თუ პირი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის წესებს არღვევს, სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა, თუ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება კანონად იქცევა, “ორგანიზატორიც” 2000 ლარით დაისჯება.

ვინ არის ორგანიზატორი?

ვინ არის კანონპროექტში ნახსენები ორგანიზატორი? – ანა მიქელაძე საილუსტრაციოდ ამგვარ ვითარებას აღწერს:

“მაგალითისთვის ავიღოთ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც ორგანიზებული აქვს რაიმე ტიპის შეხვედრა ამომრჩევლებთან და ამ დროს სხვადასხვა საშუალებით აგიტაციაში მონაწილეობას იღებს პირი, რომელსაც არ აქვს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ მასზე ვერ ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ამ შემთხვევაში სანქცია შესაძლოა ორგანიზატორს [ანუ საარჩევნო სუბიექტს] დაეკისროს”.

წინასაარჩევნო კამპანიის იმავე აგიტაციის წესებს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი არეგულირებს. ის ჩანაწერი, რომელსაც ეს სტატია ეხება, სწორედ ამ მუხლს ემატება. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამბობს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

  1. საარჩევნო კომისიის წევრისა;
  2. მოსამართლისა;
  3. საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
  4. გენერალური აუდიტორისა;
  5. საქართველოს სახალხო დამცველისა;
  6. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
  7. საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
  8. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
  9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ორგანიზატორის გაგება ბევრნაირად შეიძლება, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ იმავე მიხეილ სააკაშვილის განცხადების მედიით ტირაჟირებაც ორგანიზებად ჩათვალოს ვინმემ და, შესაბამისად, მედიასაშუალება დააჯარიმოს როგორც ორგანიზატორი? იგივე კითხვა ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას ან ანალიტიკურ ცენტრს, რომელმაც შესაძლოა აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არმქონე პირი ჩართოს რაიმე კონფერენციაზე და ამ უკანასკნელის მიერ იქ გაკეთებული განცხადებების გამო ეს ორგანიზაცია დაჯარიმდეს, რომელსაც საერთოდ არ აქვს საარჩევნო მიზნები.

ანა მიქელაძე ამბობს, რომ ორგანიზატორში ისინი საარჩევნო სუბიექტს გულისხმობენ.

“წინასაარჩევნო კამპანიას ანუ აგიტაციას ატარებს საარჩევნო სუბიექტი. მედია საარჩევნო სუბიექტი ხომ არ არის. მედიასაშუალება ავრცელებს გარკვეულ ინფორმაციას. აქ საუბარი არის წინასაარჩევნო კამპანიაზე და წინასაარჩევნო კამპანიის წესებზე. ეს წესები საარჩევნო სუბიექტებს შეეხება. ამ ცვლილებაში საუბარია საარჩევნო სუბიექტებზე. ამ კანონის არსიდან და ამ ცვლილებებიდან გამომდინარე საუბარი არის წინასაარჩევნო კამპანიის სუბიექტზე”, – ამბობს მიქელაძე.

ეს საკანონმდებლო წინადადება ჯერ კანონი არ არის, რადგან მისთვის პარლამენტს კენჭი არ უყრია. ამ საკითხზე მსჯელობა ალბათ სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი