Screen Shot 2017-04-20 at 7.02.21 PM

ირანელმა მინისტრმა კვირიკაშვილთან ჰიჯაბის მატარებელი ტურისტების შემოწმების საკითხი წამოწია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა თბილისში ვიზიტისას საქართველოს მხრიდან  ირანელი ტურისტების პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა – ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მან ეს განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. რაც შეეხება მიზეზს, გამოცემა წერს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანელ მუსლიმ ქალს ჩხრეკისას ჰიჯაბის მოხსნა აიძულეს”.

“კვირიკაშვილმა გამოხატა გაკვირვება, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედების შესახებ გაიგო და თქვა, რომ ის ამ ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიების ბრძანებას გასცემს”, – წერს ირანული გამოცემა, რომელიც ასევე ციტირებს პრემიერის სიტყვებს: “ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში მუსლიმი ქალები შეურაცხყოფილი არიან”.

მოჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17-18 აპრილს იმყოფებოდა.

19 აპრილს ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. თუ ამ პრესრელიზს დღეს, ანუ 20 აპრილს ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ კვირიკაშვილმა და ირანელმა მინისტრმა მხოლოდ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა დ აპარტნიორობის ორმხრივი საკითხები განიხილეს, თუმცა Google-ის მიერ ე.წ. დაქეშირებული ან თავდაპირველ ვერსიაში ჩანს, რომ კვირიკაშვილსა და ზარიფს ჰიჯაბის ინციდენტზეც უმსჯელიათ და შემდეგ ეს მონაკვეთი საიტიდან აიღეს:

სქრინშოტი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქეშირებული გვერდიდან

სქრინშოტი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქეშირებული გვერდიდან

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა, მართლაც მოხდა თუ არა მსგავსი ინციდენტი თბილისის აეროპორტში, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციას, და ზემოხსენებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა. პასუხი მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღეთ:

“ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის მხარეები მიესალმნენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ დინამიკას. ირანიდან საგრძნობლად გაზრდილი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით მხარეებმა განიხილეს ჰიჯაბის მატარებელი ირანელი ვიზიტორების საზღვარზე უსაფრთხოების კუთხით შემოწმების პროცედურები, რაც რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე სფეციფიკურია. აღნიშნულ თემაზე დავამატებ, რომ მგზავრების შემოწმების შემთხვევაში შსს-ს დაცვის პოლიციის საავიაციო უშიშროების სამმართველოს წარმომადგენლები მოქმედებდნენ „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის“ მოთხოვნათა სრული დაცვით”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com