ახალი ამბები

უმრავლესობა ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას საბოტაჟად აფასებს

20 აპრილი, 2017 • 1771
უმრავლესობა ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას საბოტაჟად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას საბოტაჟად აფასებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, კომისიამ მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა და ახლა მისი დატოვება აზრს მოკლებულია.

“კონსტიტუციის პროექტი პრაქტიკულად მზად არის, საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა. შესაბამისად,  ბოიკოტზე განცხადებები რეალურად ვეღარ იქნება ბოიკოტი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც დროთა განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის, რა ინტერესები ჰქონდა მმართველობითი თვალსაზრისით. ეს კონსტიტუცია იცვლება გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული კონსტიტუციით,” – ამბობს არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საბოტაჟს ახორციელებს:

“რამდენიმე საკითხია, რომელზეც ოპოზიციასთან ბოლო წუთამდე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის შედეგების საბოლოო ვარიანტი საზოგადოებას მიეწოდოს. სწორედ საზოგადოების მოსაზრებები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. საბოტაჟს დავარქმევდი ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას კომისიაში, თუმცა საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებული და გავლილია,” – აცხადებს ვოლსკი.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვა დაიწყება:

” მოსახლეობას ყველა რეგიონში ექნება შესაძლებლობა, უფრო კარგად გაეცნოს  ახალ პროექტს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ  პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ ამ კონსტიტუციაზე.  კონსტიტუციის ახალ პროექტზე და იმაზე, რასაც შევქმნით და რასაც დაამტკიცებს პარლამენტი, პასუხსიმგებლობას ავიღებთ ჩვენ, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს არის გრძელვადიანი განვითარებისთვის შექმნილი კონსტიტუცია.”

დღეს, 20 აპრილს საკონსტიტუციო კომისიას  ორი პარტია  – “ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” დატოვებს.

19 აპრილს საკონსტიტუციო კომისიისთვის პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების შესახებ განცხადება 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭომ გააკეთა. ნაციონალურმა მოძრაობამ კი კომისია 13 აპრილს დატოვა.

ძირითადი უთანხმოება, რაც ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით აქვს, არის მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული სარჩევნო მოდელი, რომლის თანახმადაც, იკრძალება ბლოკები, 5%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება და ყველა გაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს.  გარდა ამისა, პარტიები არ ეთანხმებიან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევვის წესს და მისი უფლებამოსილებების შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი