ბანერებზე ვკითხულობთ: "ორბან შეჩერდი"; "ორბანს არ მოსწონს CEU მე სტუდენტი ვარ, ჩემიც გეშინია?". ბუდაპეშტში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს კანონი, რომელიც მათი აზრით ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის წინააღმდეგაა მიმართული . კანონი საკანონდმებლო ორგანომ მიიღო, აქციის მონაწილეები კი პრეზიდენტს ვეტოს დადებისაკენ მოუწოდებენ ©  EPA/JANOS MARJAI HUNGARY OUT

CEU-ს მხარდამჭერები ვიქტორ ორბანს თბილისში აქციით დახვდებიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მხარდამჭერები თბილისში საპროტესტო აქციით დახვდებიან.

ორბანი თბილისში დღეს საღამოს ჩამოდის, აქცია კი ხვალ, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტთან გაიმართება 12-დან – 14:00 საათამდე. ამ დროს სასტუმროში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმია დაგეგმილი, რომელსაც ორბანიც დაესწრება.

“ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დახურვა ემუქრება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 21 აპრილს თბილისში იქნება. სწორედ მისი პირადი სურვილი და ახირებაა CEU-ს დახურვა და უნგრეთიდან გაძევება. გთხოვთ, მოხვიდეთ და ვაჩვენოთ მას, რომ ჩვენ არ ვართ გულგრილი. ჩვენ, CEU-ს ქართველი კურსდამთავრებულები, შევიკრიბებით ქორთიარდ მერიოტთან (თავისუფლების მოედანზე), სადაც ორბანის მისვლაა დაგეგმილი, რომ ვაჩვენოთ, რომ ის და მისი გადაწყვეტილება მარტო უნგრეთის პრობლემა არაა. შემოგვიერთდით, ვისაც გაღელვებთ დემოკრატია, ღიაობა და აკადემიური თავისუფლება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

უნგრეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა კანონი იმ უნივერსიტეტების ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც არ არის ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებული. 123 ხმით 38-ის წინააღმდეგ ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განათლების შესახებ კანონში განახლებულ რეგულაციებს. კანონის მიღების შედეგად, შესაძლოა დაიხუროს ბუდაპეშტში მოქმედი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU).

CEU-ს მხარდასაჭერად ბუდაპეშტში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) ბუდაპეშტში მდებარე ამერიკულ-უნგრული უნივერსიტეტია, რომელიც 26 წელია არსებობს. იგი ჯორჯ სოროსის მიერაა დაფუძნებული. უფრო მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ წაიკითხეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ნაციონალიზმის კვლევების მაგისტრანტის, ოთო კობახიძის სტატიაში, რომელიც ნეტგაზეთზე გამოქვეყნდა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com