ადეიშვილს პატიმრობა მეორედ შეუფარდეს დაუსწრებლად

“ბანკი ქართუს” გაკოტრების სქემაში მონაწილე პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  პროკურატურის  შუამდგომლობა და ბარლდებულ ზურაბ ადეიშვილს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  ხოლო ჯაბა ებანოიძეს, რომან ჩხენკელს, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძეს და ნიკანორ მელიას გირაო შეეფარდათ. 

 

სასამართლოს განჩინებით ჯაბა ებანოიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა,  რომარ ჩხენკელს– 15 000 ლარი, მამუკა ლაშხიას და ოთარ აგლაძეს -8 000 ლარი, ხოლო ნიკანორ მელიას -25 000 ლარი.  გირაოს გადახდის ვადა მათ 30 დღით განესაზღვრათ.

 

“აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები. ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული საქმიანობა, ქმედების ხასიათი, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულების მოპოვებისას ხელისშეშლის და სასამართლოსთვის თავის არიდების საფრთხე ასევე ის, რომ ჯაბა ებანოიძეს, რომან ჩხენკელს, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და ნიკანორ მელიას  არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია და  დაბარებისთანავე არაერთხელ გამოცხადნენ საგამოძიებო ორგანოებში. სასამართლომ  ასევე გაითვალისწინა წარდგენილი ბრალდების სიმძმე და მიიჩნია, რომ კონკრეტული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას. ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადა 30 დღით განესაზღვრათ. 

 

რაც შეეხება ამჟამად ძებნაში მყოფ ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილს, სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო, რომ წარმოდგენილი მასალებით ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას, იგი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან უფრო მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში არსებობს ბრალდებულის მხრიდან გამოძიებისთვის თავის არიდების, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის საფრთხე. შესაბამისად, მას შეეფარდა პატიმრობა”– განაცხადა სპიკერმა მოსამართლემ 

 

წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 7 მარტს არის ჩანიშნული. 

 

შეგახსენებთ, რომ “ბანკი ქართუს” გაკოტრების სქემაში მონაწილე პირებს ბრალი 16 იანვარს წარედგინათ. შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე ბრალს აღიარებს:

 

 “რამდენიმე მუხლით არის წაყენებული ბრალი, მაგრამ გარკვეულწილად ვაღიარებ  ამ ბრალდებას და დანარჩენი გადაწყდება სასამართლო პროცესზე”,– განაცხადა ებანოიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ.

 

ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადებით, წარდგენილი მუხლები შემდეგში მდგომარეობს: დახმარება ქონების გადამალვაში, მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. 

 

ადვოკატ კახა შონიას განცხადებით, მამუკა ლაშხიაც მთლიანად ცნობს დამნაშავედ თავს წაყენებულ ბრალდებებში და ხვალ სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე. 

 

შეგახსენებთ, რომ 17 დკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც შსს–ს პრესამსახურმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო,  პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

 ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად  უკვე აქვს შეფარდებული . შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდქსის რამდენიმე მუხლის მიხედვით ბრალი წაუყენა, მათ შორის, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ორგანიზებისთვის.

 

პროკურატურის ცნობით, ზურაბ ადიშვილს ბრალად ედება  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება, რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სხელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომრაობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით. მანვე  ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge