ახალი ამბები

კვიციანი ბოკერიასთან დაპირისპირებას “არ აღდგენილი სამართლიანობით” ხსნის

19 აპრილი, 2017 • 1735
კვიციანი ბოკერიასთან დაპირისპირებას “არ აღდგენილი სამართლიანობით” ხსნის

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრი ემზარ კვიციანი მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ პარლამენტის სხდომაზე გიგა ბოკერიასთან დაპირისპირებისას ემოციებს ვერ მოერია.

“გიგა ბოკერიას ჩემი და ექვსი წელი და ექვსი თვე ჰყავდა ციხეში გამომწყვდეული და ვინმეს უკვირს, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მიმართულით წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა?  ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, ამის უფლებაც არ აქვს.  ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. ამ ქვეყანაში დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა,” – განაცხადა კვიციანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის განხილვის პროცესის დახურვის შესახებ მსჯელობას ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

“რა მნიშვნელობა აქვს, სხდომა ღია იქნება თუ დახურული, როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აქ, სხდომა გინდ დახურე და გინდ გახსენი,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

“შემდეგში დააზუსტე, რას გულისხმობ,” -განაცხადა  გიგა ბოკერიამ საპასუხოდ, რის შემდეგაც, ემზარ კვიციანი მისკენ წავიდა და ჩხუბის დაწყება სცადა. სიტუაცია მანდატურის სამსახურმა განმუხტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი