ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ და როგორ ეხმარება საქართველოში ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევაში

19 აპრილი, 2017 • 5334
ვინ და როგორ ეხმარება საქართველოში ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევაში

ყოველწლიურად საქართველოში 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და დაახლოებით 27 ათასი მათგანი ხდება სტუდენტი. როგორ ირჩევენ ახალგაზრდები მომავალ პროფესიას? ვინ და როგორ ეხმარება მათ შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში?

17 წლის ვანო მათიაშვილი კახეთში, სოფელ მანავში ცხოვრობს და სკოლას წელს ამთავრებს. უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს და სამომავლო პროფესიაც შერჩეული აქვს. ოჯახისა და მეგობრების დახმარებით იურისტობა გადაწყვიტა. ამ ეტაპზე სასურველი უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მხოლოდ თსუ-ს და ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტები აქვს მითითებული. ამბობს, რომ გამოცდების შედეგებს დაელოდება და შემდეგ გადაწყვეტს, კიდევ რა პროფესია ან უნივერსიტეტი შეიძლება დაამატოს სიას.

“საბოლოოდ, ახლობლების რჩევებით, დაკვირვებით, ეს გადაწყვეტილება მივიღე. არსებობს გარემოებები, რომლებიც შენგან დამოუკიდებლად შეიძლება იძულებულს არ გხდის, მაგრამ ახდენს გავლენას შენს არჩევანზე. ასეთია, მაგალითად, პირველ რიგში, მომავალში დასაქმების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მექნება შანსი, შესაბამისი სამსახური ვიპოვო. იურისტი ყველა დაწესებულებას დასჭირდება.

მამას ყოველთვის უნდოდა, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. ამან, რა თქმა უნდა, თავისი წილი გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ მხოლოდ მისი სურვილის გამო გამეკეთებინა ეს არჩევანი. ასეთ დროს ითვალისწინებ ოჯახის პოზიციასაც, სხვა მრჩეველი არავინ მყავს. ვთვლი, რომ ახლა ვიღებ უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებას,” – ამბობს ვანო.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა კარიერული პერსპექტივების შესახებ ძალიან სჭირდებოდა, სკოლაში ამ კუთხით დახმარება არასოდეს მიუღია:

“არათუ შეხვედრების ფორმით განვიხილავთ კარიერის პერსპექტივებს, უბრალოდ, ლაპარაკის დონეზეც კი არასდროს გვიმსჯელია, რა გვინდა, რა ინტერესები გვაქვს, რომელი პროფესიის ადამიანი რას აკეთებს. ნამდვილად საჭიროა კვალიფიციური ან მასწავლებელი, ან მრჩეველი, ვინც რაღაც დონეზე მაინც აგიხსნის და დაგაკვალიანებს. სკოლას პირადად ჩემს გადაწყვეტილებებში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ინფორმირებულობის დონე მოსწავლეების, ზოგადად, არის ძალიან დაბალი.”

ვანოს მსგავსად, კარიერული წინსვლის შესახებ კონსულტაციას აბიტურიენტების უმრავლესობა ახლობლების წრეში იღებს. საქართველოში “კარიერის მრჩევლის” ინსტიტუტი სკოლებში არ არსებობს, არც საკონსულტაციო ცენტრები ფუნქციონირებს. 2015 წელს განათლების სამინისტრომ რამდენიმე სკოლაში გამოსცადა საპილოტე პროგრამა.

ეს კი იმ ფონზე, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, დღეს საქართველოში ავტორიზებული 32 უნივერსიტეტი, 28 სასწავლო უნივერსიტეტი და 15 კოლეჯი არსებობს. ყველა მათგანი სტუდენტებს ათობით სხვადასხვა პროგრამაზე სწავლას სთავაზობენ.

თავისი მოთხოვნები აქვს შრომის ბაზარსაც. მაგალითად, ჯანდაცვის სამინიტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის სფეროში საქმდება. დასაქმებულთა უმეტესობას აქვს უმაღლესი განათლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით კი, ზოგადად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე ხშირად ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და იურიდიულ ფაკულტეტებს ირჩევენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოპულარული გახდა ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემსწავლელი ის ფაკულტეტები, რომელზეც სწავლა უფასოა.

მშობლები საგამოცდო ცენტრის წინ ელოდებიან აბიტურიენტებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013. ფოტო: NAEC

მშობლები საგამოცდო ცენტრის წინ ელოდებიან აბიტურიენტებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013. ფოტო: NAEC

“რაც ალბათ განპირობებულია ორი ფაქტორით: პირველი ის, რომ გაჩნდა დასაქმების პერსპექტივა, რასაც ხედავს აბიტურიენტი და მყისიერად რეაგირებს, ანუ საინჟინრო-აგრარული მიმართულებების მიმართ ინტერესი გაიზარდა. მეორე ფაქტორი კი, მგონია, არის, რომ გაჩნდა უფასო ფაკულტეტები. ეს გარკვეულ როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებისას,” – ამბობს NAEC-ის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.

მინდაძის თქმით, მათი მონაცემებით, ასევე პოპულარულია ისეთი ფაკულტეტები, როგორებიცაა ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამედიცინო სპეციალობები. სტაბილურად ნარჩუნდება ინტერესი ჰუმანიტარული ფაკულტეტების მიმართ.

“გამოცოცხლდა სამშენებლო მიმართულებები, თუმცა ჯერ კიდევ შედარებით ნაკლებია მოთხოვნა. მაგრამ მზარდი ინტერესი არსებობს და ნარჩუნდება უკვე რამდენიმე წელია ეს ტენდენცია. ძნელია იმის თქმა, რის მიმართ არ არის ინტერესი. სტაბილური ვითარებაა და კლება ნაკლებად ფიქსირდება რომელიმე ფაკულტეტის მიმართ,” – ამბობს მინდაძე.

გამოცდების ცენტრის გადაწყვეტილებით, გასული წლიდან აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, ფაკულტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ეროვნული გამოცდების შედეგების გაგების შემდეგაც შეიტანონ. მინდაძის თქმით, 2016 წლის მონაცემების ანალიზიდან ორი პიკი გამოიკვეთა, როდესაც აბიტურიენტებმა ყველაზე მეტჯერ შეცვალეს სია: სკოლის დამამთავრებელი გამოცდების და ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ერთი მხრივ, მათ პროფესიულ არჩევანსა და სასურველ უნივერსიტეტზე გავლენა, სავარაუდოდ, გამოცდების შედეგებმაც მოახდინა.

“ცხადია, ყველა არ ცვლის პრიორიტეტებს, მაგრამ საკმაოდ ბევრი ცვლის, რამდენიმე ათასი ადამიანი მუდმივად ცვლიდა თავის ჩამონათვალს,” – ამბობ ივა მინდაძე.

[red_box]Myprofession.gov.ge – რას სთავაზობს სამინისტრო ახალგაზრდებს?[/red_box]

2013 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ “ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით ვებგვერდი Myprofession.gov.ge შექმნა. ვებგვერდის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევაში, შეცვლაში და, ზოგადად, კარიერის დაგეგმვის დროს მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია.

პროექტის ავტორის, სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, შორენა შიუკაშვილის თქმით, ვების შექმნისას რამდენიმე კვლევის შედეგებს დაეყრდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის წლიური ანგარიში “შრომის ბაზრის გამოწვევები და უნარების შეუთავსებლობა საქართველოში”. კვლევები უჩვენებს, რომ საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა იღებს უმაღლეს განათლებას, ეუფლება პროფესიას და შემდეგ ბაზარი მას ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურით. ასევე, ხშირ შემთხვევაში საქართველოში არ მუშაობენ იმ პროფესიით, რომელსაც სწავლობენ.

“ბევრი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ფოკუსირება მოვახდინეთ იმაზე, რომ უმეტესად პროფესიის შერჩევა ხდება გაუაზრებლად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ახალგაზრდები ირჩევენ პროფესიას გაუაზრებლად, სხვების გავლენით – მეგობრების, ოჯახის. გავლენას ახდენს ფინანსური პირობებიც, ირჩევენ ისეთ ფაკულტეტებს, სადაც დაფინანასება არის მაღალი, ან უფასოა. არსებობს სტიგმები. არ არის პოპულარული პროფესიული განათლება. ამგვარად, ახალგაზრდები გაუაზრებლად ირჩევენ პროფესიას და შემდეგ უკვე ნაკლებად მოტივირებული იღებენ განათლებას და ვერ ახერხებენ დამკვიდრებას,” – ამბობს შორენა შიუკაშვილი.

2016 წლის ბოლოს საქართველოს მასშტაბით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევით გამოჩნდა, რომ 14-29 წლამდე გამოკითხული 1952 ახალგაზრდიდან მხოლოდ 22%-მა იცოდა ზოგადად კარიერული კონსულტაციების სერვისების არსებობის შესახებ.

“თავისთავად ვებგვერდი არის ონლაინ დახმარების სერვისი და ვერ ექნება პრეტენზია, რომ სრულად მოაგვარებდა კარიერულ კონსულტაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს. თუმცა, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს არის განვითარებადი და ახალი სერვისი საქართველოში, არ არის ცუდი შედეგი. ახალგაზრდებს ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, რომ შესაძლოა ამ კუთხით რეკომენდაცია მიიღონ,” – ამბობს შიუკაშვილი.

მისივე თქმით, სერვისის სხვადასხვა ფორმა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში: არსებობს ონლაინ გვერდები, საკონსულტაციო, კარიერული ცენტრები, ცხელი ხაზები. ასევე გეგმავენ ჯგუფურ ტრენინგებს სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში. სპეციალისტის თქმით, ბევრ ქვეყანაში არა მხოლოდ დამამთავრებელ კლასებში, საბავშვო ბაღიდანვე ცდილობენ გაუწიონ კარიერული კონსულტაცია ბავშვებს და იფიქრონ მათი უნარების განვიათებაზე.

სამინისტროს კვლევაში მონაწილე ახალგაზრდები იწონებენ კარიერული ცენტრების შექმნის იდეას და აღნიშნავენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეს ცენტრები იარსებებს მათ საცხოვრებელთან ან სკოლასთან ახლოს, ან თავად სკოლაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში 2015 წელს დაიწყო საპილოტე პროგრამის განხორციელება მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილი კარიერის დაგეგმვის სამსახურის დახმარებით. პროგრამის მონაწილე სკოლებში დამამთავრებელი კლასების დამრიგებლები გადამზადდნენ და ახლა ისინი უწევენ მოსწავლეებს მრჩევლის მაგივრობას. პროგრამა იყო საპილოტე და ახლაც გრძელდება, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ ცვლილებებს გეგმავენ და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის იმედი აქვთ.

Myprofession.gov.ge-ის ადმინისტრატორების თქმით, ვებს წელს დაემატება საგანმანათლებლო შესაძლებლობების საძიებო სისტემა, რაც ნიშნავს, რომ სისტემაში იქნება ყველანაირი სახის ინფორმაცია ნებისმიერი პროგრამის შესახებ – სად შეიძლება მისი სწავლა, რა ღირს და ა.შ. ამ ეტაპზე შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო საძიებო სისტემა გაკეთდა მხოლოდ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შესახებ. მომავალ წელს დაემატება სხვა სასწავლებლებზეც. გაჩნდება არაფორმალური განათლების შესახებ ინფორმაციაც. შიუკაშვილის თქმით, ეს სისტემა იქნება ყველა პროგრამაზე, რაც იარსებებს საქართველოში და მუდმივად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი