ახალი ამბები

ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიასკენ საჩხუბრად გაიწია [ვიდეო]

19 აპრილი, 2017 • 5226
ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიასკენ საჩხუბრად გაიწია [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის განხილვის პროცესის დახურვის შესახებ მსჯელობას ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობას სხდომის დახურვა სურდა, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი ღია უნდა ყოფილიყო. საკითხი კენჭისყრაზე დადგა და  99 ხმით 16-ის წინააღმდეგ სხდომა დაიხურა.

“რა მნიშვნელობა აქვს, სხდომა ღია იქნება თუ დახურული, როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აქ, სხდომა გინდ დახურე და გინდ გახსენი,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

“შემდეგში დააზუსტე, რას გულისხმობ,” -განაცხადა  გიგა ბოკერიამ საპასუხოდ, რის შემდეგაც, ემზარ კვიციანი მისკენ წავიდა და ჩხუბის დაწყება სცადა. სიტუაცია მანდატურის სამსახურმა განმუხტა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დააყენონ პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება. ანგარიშის თანახმად, უწყებაში 3764 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 549 ქალია (14,6%).

ამავე თემაზე – რას უპირისპირებს რუსულ რბილ ძალას საქართველო – გამოხმაურებები სუს-ის ანგარიშზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი