ხუნდაძე: 90-იანებში განახევრებულმა გოგოებმა შვეს ნახევარი რაოდენობის შვილები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში შობადობა შემცირებულია, ხოლო სიკვდილიანობა- გაზრდილი, რაც მისი აზრით, ეროვნული დემოგრაფიული  უსაფრთხოების პრობლემაა.

“საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში შობადობა შემცირებულია. საკმაოდ მძიმე ვითარებაა აფხაზეთში. ისინი, ფაქტობრივად, დემოგრაფიული უფსკრულისკენ მიექანებიან. მსურს, აფხაზებმა გააცნობიერონ, თუ რა საფრთხის წინაშე დგანან ისინი. მათი გენეტიკური განზევება მიმდინარეობს სხვა ერთა შორის,” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების არაერთი ინიციატივის მიუხედავად, რომელიც დემოგრაფიული მიმართულებით ხორციელდება საქართველოში, ქვეყანა  დაბალი შობადობის რეჟიმზეა გადასული:

“ამას მე ვაცხადებდი და ეს იმის შედეგია, რომ 1990-იანი წლების შემდეგ განსაკუთრებით მძიმე იყო დემოგრაფიული მდგომარეობა. გოგონათა შობადობა იყო განახევრებული და განახევრებულმა გოგოებმა შვეს ნახევარი რაოდენობის შვილები. მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს საყურადღებოა. აქ პრეისტორია არის მნიშვნელოვანი, რამეთუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შობადობის პიკი იყო და მაშინ დაბადებულ მოქალაქეებს ახლა უსრულდებათ საპენსიო ასაკი და სწორედ ამის გამო სიკვდილიანობა გაზრდილია ქვეყანაში.”

ხუნდაძის განცხადებით,  დემოგრაფიული პოლიტიკა მხოლოდ შობადობა და ადამიანების გადათვლა-გადმოთვლა არ არის.

“ეს არის პოლიტიკების პოლიტიკა და დემოგრაფიული ვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დემოგრაფიულ უსაფრთხოებასთან. ეს კი სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარი საყრდენი არის. სწორედ ამიტომ, წინა მოწვევის პარლამენტმა შეიმუშავა დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც მთავრობას გადაეცა. ასევე, პოლიტიკის დაბარების დოკუმენტი შევიმუშავეთ, რადგან ერის აქტიურად დაბერების პროცესი მიმდინარეობს და ამას სწორი პოლიტიკა, სწორი გათვლა, სწორი სტრატეგია, სწორი დაგეგმარება სჭირდება და ჩვენ ამ დიდ ეროვნულ პრობლემას ერთად ავიცილებთ თავიდან.”

UNICEF-ის  მიერ 2015 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღების კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.