ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე: შშმ პირების დახმარება არსებობისთვის საკმარისი არ არის

19 აპრილი, 2017 • 2245
ნატო ჩხეიძე: შშმ პირების დახმარება არსებობისთვის საკმარისი არ არის

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთლიანად სახელმწიფო დახმარებაზე არიან დამოკიდებული, ხოლო ეს დახმარება არსებობისთვის საკმარისი არ არის. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირების დახმარება თვეში 100 ლარია, ეს მაშინ, როცა ერთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 148 ლარი და 90 თეთრია. 100 ლარით ადამიანებს საარსებო მინიმუმს მიღმა ვტოვებთ და, ფაქტობრივად, განწირული არიან. ლოგიკური იქნება, რომ ეს დახმარება საარსებო მინიმუმს მაინც გაუთანაბრდეს,” – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე სიტყვებით, საქართველოში 78 824 “მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის” ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო მათ ადეკვატურად უნდა დაეხმაროს:

“ყველაზე მძიმე მდგომარეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. მათ სახელმწიფოს შემწეობის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. დახმარება უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო ნორმას. სახელმწიფოს ვალია, დაეხმაროს ამ ადამიანებს მეტად მოკრძალებული არსებობისათვის მაინც. მივმართავ შესაბამის სამინსიტროს, ამ მნიშვნელოვანი თემით დაინტერესდეს,” – აღნიშნა ჩხეიძემ.

ამავე თემაზე: მე რომ აღარ ვიქნები, მერე? 

მასალების გადაბეჭდვის წესი