ახალი ამბები

დღეს ვახტანგ გომელაური პარლამენტს სუს-ის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს

19 აპრილი, 2017 • 1534
დღეს ვახტანგ გომელაური პარლამენტს სუს-ის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს

დღეს, 19 აპრილს, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშს მოისმენს. დეპუტატებს უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის შედეგებს ვახტანგ გომელაური გააცნობს. მოხსენების შემდეგ სხდომა დაიხურება და დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგრძელებენ ანგარიშზე საუბარს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  სუს-ის ანგარიში ძალიან საქმიანია:

“ეს ძალიან საქმიანი ანგარიშია, რომლის განხილვა საქმიან გარემოში მოხდება. ანგარიში საჯაროა, რომელიც გამოქვეყნებულია და ხელმძღვანელის მიერ მისი წარდგენა საჯაროდ მოხდება. ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, რომ ანგარიშის წარდგენას თვალი პირადად მიადევნოს.  კითხვა-პასუხის რეჟიმის დახურვა ანგარიშის საჯარობაას კითხვის ნიშანს არ უსვამს. ”

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური, რომელზეც 128 მილიონი ლარი იხარჯება, თავის ენერგიას, რესურსებს ახმარს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ადამიანების უკანონო მოსმენას და არა სახელმწიფო ინტერესების დაცვას.

“ფარული მოსმენების შესახებ კანონის განხილვისას ჩვენ დავინახეთ, როგორი გააფთრებით იბრძოდა მთავრობა ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად. ეს არის საარჩევნო ინსტრუმენტი. სუსი მტრებს უნდა ებრძოდეს, ჯაშუშებს უნდა ავლენდეს და აქტიური მოქალაქეების მოსმენა-თვალთვალით არ უნდა იყოს დაკავებული,”- ამბობს გოცირიძე.

მისივე აზრით, სხდომის ძირითადი ნაწილი ღია უნდა იყოს, ხოლო სპეციფიკურ საკითხებზე საუბრისას, როგორც ის ამბობს,  სხდომა შეიძლება დაიხუროს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას, კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებას და სხვა საკითხებს ეხება. ანგარიშის თანახმად, უწყებაში 3764 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 549 ქალია (14,6%).

ამავე თემაზე – რას უპირისპირებს რუსულ რბილ ძალას საქართველო – გამოხმაურებები სუს-ის ანგარიშზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი