ახალი ამბებისაზოგადოება

“არა! საკონცენტრაციო ბანაკებს” – აქცია თბილისში ჩეჩნეთში რეპრესირებული ლგბტ თემის მხარდასაჭერად ▶︎ ვიდეო

18 აპრილი, 2017 • 7756
“არა! საკონცენტრაციო ბანაკებს” – აქცია თბილისში ჩეჩნეთში რეპრესირებული ლგბტ თემის მხარდასაჭერად ▶︎ ვიდეო

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გაიმართა აქცია რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ჩეჩნეთში რეპრესირებული ლგბტ თემის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილე აქტივისტების განცხადებით, რეპრესიები არა მხოლოდ ჩეჩნეთში არამედ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებზეც ხორციელდება, მაგალითად, ჩერქეზეთში.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რეპრესირებულ ადამიანებს და პატივი მიაგეს იქ დაღუპული ლგბტ პირების ხსოვნას. მათ ასევე დაგმეს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა სექსუალური უმცირესობების მიმართ.

აქციის ორგანიზატორმა აქტივისტებმა, ბექა გაბადაძემ და კობა ბიწაძემ ასევე მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველომ თავშესაფარი გამოუყოს დაზარალებულებს, თუ ისინი ამას მოითხოვენ.

აქცია თბილისში ჩეჩნეთში რეპრესირებული ლგბტ თემის მხარდასაჭერად. 18.04.17 © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

როგორც ბრიტანული გამოცემა, “გარდიანი” წერს, ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დევნას მასობრივი ხასიათი აქვს და ამაში ადგილობრივი მმართველების ხელი ურევია. რუსეთის ფედერაცია კი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს მაშინ, როცა ფედერაციის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფა, როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობაა.

ჰომოფობიური გარემოს გამო, რომლის გაძლიერებასაც ხელს ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები უწყობენ, ლგბტ პირები ყოველდღიურად აწყდებიან ძალადობას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. გარდა ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებისა, ჩეჩნეთში გეებს საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდანაც ემუქრებათ. როგორც “გარდიანი” წერს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების შევიწროება, ზოგ შემთხვევაში მკვლელობა, მათი ნათესავებისთვის ღირსების საკითხად ითვლება და ასეთ შემთხვევებზე როგორც ადგილობრივი მმართველობა, ისე რუსული უწყებები თვალს ხუჭავენ.

ლგბტ ადამიანების დევნაზე წერს რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტაც”. რუსული მედიის ცნობით,  2017 წლის აპრილის მონაცემებით, მათი ინფორმაციით, ჩეჩნეთის მთავრობამ რესპუბლიკის ასზე მეტი მოქალაქე სექსუალური იდენტობის ნიშნით დააპატიმრა, 3 მათგანი კი დაიღუპა. “ნოვაია გაზეტა” აცხადებს, რომ  დაუზუსტებელი მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი