ზურაბ ძნელაშვილი

ბიზნესომბუდსმენი თამბაქოს კონტროლის ზოგიერთ ცვლილებას ეწინააღმდეგება

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში ზოგიერთი ცვლილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი განხორციელების საჭიროება არ დგას.

ეს განცხადება ზურაბ ძნელაშვილმა დღეს, 18 აპრილს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. კომიტეტზე განიხილავდნენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ეს კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, შეზღუდვები და აკრძალვები უნდა იყოს “რელევანტური”.

“რამდენიმე კონკრეტულ რეგულაციაზე პრინციპულად ვთვლით, რომ არ უნდა ეწეროს კანონპროექტში,”- განაცხადა მან.

საკითხები, რომლებსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი პრინციპულად ეწინააღმდეგება, ეხება ზიანის ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს “თამბაქოს მწარმოებელთა და რეალიზატორთა პასუხისმგებლობას, აანაზღაურონ ჯანმრთელობისათვის თამბაქოს წარმის მოხმარებით მიყენებული ზიანი”.

“ეს არის ზიანის ანაზღაურების პრინციპი. ძალიან სახიფათო ტრადიციას დაუდებს საფუძველს ეს ნორმა – მასიურად დაიწყებენ ადამიანები სასამართლოში სიარულს, დაკავშრებას, რომ მას კიბო გაუჩნდა მოწევის გამო და მოითხოვენ ანაზღაურებას თამბაქოს მწარმოებელი თუ იმპორტიორი კომპანიების მიმართ. ეს იქნება სასწაული ამბავი, კაციშვილი ვერ დაადგენს, ის რომ ეწეოდა, იმიტომ გაუჩნდა კიბო და თუ მაგის გამო გაუჩნდა, რა ზომის ზიანი მიადგა. სასწაული იქნება ეს სასამართლოში,”- აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატში არ მოსწონთ, არის ის, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის ჩართულობა დაუშვებელია.

“ასეთი ნორმის გაჩენა არ შეიძლება კანონმდებლობაში. გასაგებია, რომ რომელიღაც კონვენციაში წერია ასეთ რაღაც, მაგრამ არც ერთი კონვენცია არ დგას საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა და ეს, ჩემი აზრით, შეიცავს ანტიკონსტიტუციურ ჩანაწერს. როდესაც რომელიღაც დარგს არეგულირებ, მას უნდა მისცე საშუალება, გამოხატოს პოზიცია, მას უნდა მოუსმინო. გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენზეა დამოკიდებული. შეიძლება, ადამიანი ჭკვიანურს გვეუბნება რამეს. არავინ გეუბნებათ, რომ გაითვალისწინეთ დარგის მოთხოვნები. საუბარია იმაზე, რომ დარგის პოზიცია მოისმინოთ, დარგის არგუმენტები მოისმინოთ და დარგმა არ გაიგოს ეს, მაცნეზე რომ გამოაქვეყნებთ რეგულაციას, იქიდან და უცბად ფაქტის წინაშე არ დადგეს.  ეს არის აუცილებელი,”- განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ითხოვს, რომ ამ ცვლილებების ამოქმედებისთვის “გონივრული ვადები დაწესდეს, რათა ბიზნესმა ახალ რეგულაციებთან ადაპტირება შეძლოს. მისვე თქმით, მიმდინარე წელს სარეკლამო, მარკეტინგული თუ სადისტრიბუციო მიმართულებით კონტრაქტები უკვე გაწერილია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი