ახალი ამბები

კანონპროექტით, თამბაქოს ნაწარმის მსგავსად აკრძალვები გავრცელდება ელექტროსიგარეტზეც

18 აპრილი, 2017 • 3238
კანონპროექტით, თამბაქოს ნაწარმის მსგავსად აკრძალვები გავრცელდება ელექტროსიგარეტზეც

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტთა პაკეტით ელექტროსიგარეტზე იგივე აკრძალვები და შეზღუდვები გავრცელდება, რაც თამბაქოზე. მისივე თქმით, ეს გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციითაც.

ეს განცხადება აკაკი ზოიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ამ კანონპროექტზე მსჯელობენ.

“პრაქტიკულად გათანაბრებული გვაქვს რეგულაციაში ელექტრონული სიგარეტი თამბაქოსთან. ეს არის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გვაწვდის როგორც ჯანმრთელობის მსიოფლიო ორგანიზაცია, ასევე, ევროდორექტივაც,”- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ეყრდნობა საუკეთესო საერთაშრისო პრაქტიკას და “ეს არ არის შინაწარმოების კანონპროექტი, რომელიც ველოსიპედის თავიდან გამოგონებას ითვალისწინებს”.

კანონპროექტის განმარტებითი ნაწილის თანახმად, ფართოვდება ტერმინი ,,თამბაქოს ნაწარმი‘‘ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა, როგორებიცაა, მაგალითად, ,,ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო‘‘, ,,საწუწნი თამბაქო‘‘, “ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები”.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითად, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა, ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა.

კომიტეტის 18 აპრილის შეხვედრაზე აკაკი ზოიძემ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები – ბოლისგან თავისუფალი შენობები და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვა- არის ის  საკითხები, რაზეც შეთანხმება მიღწეულია და არ შეიცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი