ახალი ამბები

აკა სინჯიკაშვილი პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

18 აპრილი, 2017 • 4780
აკა სინჯიკაშვილი პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა აკაკი სინჯიკაშვილი წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო აკაკი სინჯიკაშვილს პირადად გადასცა.

პრეზიდენტმა აკაკი სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის დააჯილდოვა.

“მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში. მინდა, ამას ხაზი გავუსვა და დაგაჯილდოვოთ სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდოთი – წმინდა ნიკოლოზის ორდენით. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აკა სინჯიკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ეს არის მის სიცოცხლეში ყველაზე სასწაული ამბავი, ხოლო წმინდა ნიკოლოზის ჯილდოს მიღება მის საქველმოქმედო პროექტებში ჩართული ადამიანების დახმარებით მოიპოვა.

“ქვეყნის პრეზიდენტისგან დღეს მივიღე ყველაფერზე საოცრება ჯილდო – წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენი. ეს თქვენი დახმარებით მოპოვებული და თქვენივე მოცემული ჯილდოა. ყველას, სათითაოდ, დიდი მადლობა, ადამიანებო. ახლა ცოტას ვიღნავლებ და ისევ აქ ვიქნები თქვენთან. არ დაგჭირდეთ, თორემ ცეცხლში ჩავდგები სათითაოდ ყველა თქვენგანისთვის, მიყვარხართ და გკოცნით. წინ დიდი საქმეები გვაქვს ყველას ერთად,” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

დაჯილდოების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკაკი სინჯიკაშვილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან ერთად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლს ესტუმრა და მოხუცებს აღდგომა მიულოცა. პრეზიდენტის სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ თბილისში მოქმედ მოხუცებულთა სხვა სახლებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი