ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ თურქეთის მოვლენებს აზერბაიჯანზე ნეგატიური გავლენა ექნება

18 აპრილი, 2017 • 2523
აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ თურქეთის მოვლენებს აზერბაიჯანზე ნეგატიური გავლენა ექნება

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების ნაწილი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ნეგატიური გავლენის შესახებ საუბრობს. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანში, თურქეთის მოკავშირე და მეგობარ ქვეყანაში, ავტორიტარიზმი და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდება. მათ მოსაზრებებს გამოცემა “კავკაზსკი უზელი” აქვეყნებს.

“ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის გამო თურქეთის რეფერენდუმის შედეგებს აზერბაიჯანში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ექნება”,-  მიიჩნევს გიულტექინ გაჯიბეილი, აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს საკოორდინაციო ცენტრის საბჭოს წევრი. 

“აღნიშნული რეფერენდუმი სერიოზული მოვლენაა თურქეთისთვის. სამწუხაროდ, ეს რეფერენდუმი არის ავტორიტარული მეთოდებით მართვის გაძლიერების ტენდენციის ნაწილი, რომელსაც ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ. თურქეთში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, იმოქმედოს ავტორიტარიზმის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით. ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს დემოკრატიას აზერბაიჯანში”.

იმავეს ფიქრობს ნატიგ ჯაფარლი, აზერბაიჯანის პარტია “რესპუბლიკური ალტერნატივას” აღმასრულებელი მდივანი.

“თურქეთი აზერბაიჯანისთვის მოძმე და მეგობრული ქვეყანაა. ამავე დროს, თურქეთს აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეზე გავლენის მოსახდენად დიდი შესაძლებლობები აქვს. თურქული ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება აზერბაიჯანში და კიდევ უფრო შეიზღუდება დასავლური ღირებულებების გათავისება”.

ჯაფარლი ამბობს, რომ “ამავდროულად, ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ეკონომიკური ინტერსები აკავშირებთ. თურქეთი აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. აქვთ მსხვილი ერთობლივი ინვესტიციები. თურქეთი კვლავაც მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხში”.

“რეგიონში კიდე უფრო გართულდება დემოკრატიის განვითარება. საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლა, ვფიქრობ, თურქეთში არსებული შიდა მიზეზებით იყო განპირობებული, მაგრამ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. თურქეთი კვლავ მოინდომებს, საპარლამენტო სისტემას დაუბრუდეს”,  – ამბობს ისა გამბარი, ეროვნული სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი და პარტია “მუსავატის” ყოფილი ხელმძღვანელი.

2017 წლის 16 აპრილს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 16 აპრილს ჩატარებულ თურქულ რეფერნდუმში საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. 

საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, თურქეთში პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს. ამ ცვლილებების შედეგად, თეორიულად, ერდოღანს ექნება შესაძლებლობა, კაბინეტში 2029 წლამდე დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი