ახალი ამბები

ზოიძე: თამბაქოს კონტროლზე ცვლილებების კანონი ძალაში 2018 წლის მაისიდან შევა

18 აპრილი, 2017 • 2620
ზოიძე: თამბაქოს კონტროლზე ცვლილებების კანონი ძალაში 2018 წლის მაისიდან შევა

საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები, ნაცვლად პირველი მოსმენით გათვალისწინებული 2018 წლის 1 იანვრისა, ძალაში შევა 2018 წლის მაისიდან.

ამის შესახებ აკაკი ზოიძემ 18 აპრილს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობასთან დისკუსია და პოზიციების შეჯერება გრძელდება. აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ მთავრობის პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ კანონის მიღებიდან მინიმუმ 1 წლით გადაიდოს მისი ამოქმედება. გარკვეული მუხლების ასამოქმედებლად კი 2020 წლამდე მიეცემათ ვადა ბიზნესის წარმომადგენლებს.

“პირველივე ზომა, რომელიც იქნება თამბაქოს ბოლისგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, შენობები, ეს მომავალი წლის მაისიდან შევა ძალაში,”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე განცხადებით, მთავარობასთან თანამშომლობით მიიღებენ ისეთ კანონმდებლობას, “რომელიც იქნება აღსრულებადი”.

რაც შეეხება უშუალოდ აღსრულების საკითხს, აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

“მნიშვნელოვანი თემაა აღსრულების კონტროლი, მთავრობის პასუხისმგებლობა იქნება აღსრულება. შესაბამისად, გავითვალისწინებთ ყველა მოსაზრებას, რაც ეხება კანონის აღსრულებას და ამის გარდა, ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტებზე გვექნება მსჯელობა. კანონის აღსრულების ძირითადი ნაწილი დამოკიდებული იქნება თვითონ იმ ორგანიზაცოების ხელმძღვანელობაზე, იურიდიული პირების, ეს ოფისი იქნება თუ სამასპინძლო ბიზნესი, თუ სასტუმრო, იქნება ორგანიზაციების ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა, რომ კანონი აღასრულოს. კონტროლს განახორციელებს შსს გარკვეულწილად, და გარკვეულწილად ვფიქრობთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს შემოსავლების სამსახურს და გარემოს დაცვის ინსპექციას,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითად, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა, პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი